პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები უფრო ადვილად შოულობენ სამსახურს, ვიდრე უნივერსიტეტგამოვლილები

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები უფრო ადვილად შოულობენ სამსახურს, ვიდრე უნივერსიტეტგამოვლილები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმაღლესი განათლების მქონეთა ჯგუფში დასაქმების დონე გამოიკვლია, რა დროსაც დაადგინა, რომ 20-34 წლის მოქალაქეთა ჯგუფში, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასრულებული აქვთ (გამოკითხვამდე 3-წლიან პერიოდში) დასაქმების დონე მხოლოდ 48%-ს შეადგენს.

საქმიანობის დონე უფრო დაბალია ქალების შემთხვევაში და ის 44.7%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისთვის ის 52.4%-ია. ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მეორე უმაღლესდამთავრებული სამსახურს ვერ პოულობს და დაუსაქმებელია.

„ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე გაიანგარიშება 20-34 წლის პირებზე, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: 1. არიან დასაქმებულები; 2. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე შეესაბამება განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის 3-8 დონეს (ზოგადი საშუალო განათლება და მეტი); 3. არ სწავლობდნენ და არ გადიოდნენ ტრენინგებს გასული ოთხი კვირის განმავლობაში; 4. განათლების უმაღლესი მიღწეული დონე დამთავრებული აქვთ გამოკითხვამდე 3 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, უმაღლესი განათლების ახალ კურსდამთავრებულთა შორის დასაქმების დონე მუდმივად მცირდება: 2020 წელს - 49.2%; 2021 წელს - 49.1%; 2022 წელს - 48.2%.

2022 წელს უმაღლესი სასწავლებელი 25,8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2,4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხვს. წელს კი, ეროვნული გამოცდების შედეგად, სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 94 ერთეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, აქედან 52 არის კერძო, 42 კი - საჯარო. 94 დაწესებულებიდან, 67 არის პროფესიული კოლეჯი, 19 - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 8 კი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 14 103 სტუდენტი, 2021 წელს კი 11 204. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, შარშან პროფსასწავლებლები 7 605-მა სტუდენტმა დაამთავრა, 2021 წელს კი 6 775-მა.

ასეთი არათანაბარი გადანაწილებაა უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის. პროფესორი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ამიტომაც კოლეჯდამთავრებულებლში სფეციალობით დასაქმება უფრო მაღალია, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონეთათვის.

„ადამიანი როდესაც ირჩევს პროფესიას, მას არასწორად აქვს პრიორიტეტები დალაგებული, ანუ არასწორად ირჩევს მიმართულებას, რადგან ხშირ შემთხვევაში პროფესიის არჩევა არ არის დაკავშირებული იმ ინტერესებთან, რაც ახალგზარდას აქვს. ამიტომ, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ისინი არ მიიწევენ იმისაკენ, რომ თავისი სპეციალობით დასაქმდნენ.

დღევანდელ სიტუაციაში სამუშაო ადგილის მოძებნა, ალბათ, მაინც უფრო პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულისთვის მარტივია, რადგან სახელობო სპეციალობები მეტად მოთხოვნადია. თუ გადავხედავთ განცხადებებს, ვნახავთ, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების საჭიროებაა. პლუს ამას, კოლეჯდამთავრებულები საკუთარი პროფესიით სწავლის პროცესშივე საქმდებიან და შემდეგში აღარ იცვლიან სპეციალობას, ეს მაშინ, როდესაც უმაღლესდამთავრებულმა ბაკალავრიატის პერიოდშივე დასაქმების ადგილი შესაძლოა, მრავალჯერ გამოიცვალოს. ამიტომაც კოლეჯდამთავრებულებში სპეციალობით დასაქმება უფრო მაღალია, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონეთათვის.

ქვეყანაში თანდათანობით ამაღლებულია პროფესიული სასწავლებლების სანდოობის მაჩვენებელი. თუ ადრე კოლეჯი ითვლებოდა ე.წ. დაბალი მოსწრების მოსწავლეთა სასწავლო ადგილად, დღეს ასე არ არის. ბევრი უმაღლეს დამთავრებული მიდის კოლეჯში და ეუფლება კონკრეტულ პროფესიას“, - განაცხადა პაატა აროშიძემ.

ასეთივე შეხედულებისაა განათლების ექსპერტი მუხრან გულიაშვილი. მისი შეფასებით, უნივერსიტეტში უნდა ხდებოდეს კვლევა და ახალი ცოდნის აღმოჩენა, რაც ვერ ხერხდება. შესაბამისად, კურსდამთავრებულები თავიანთ პროფესიაში არ არიან გაცნობიერებული.

„მაგისტრატურა დამთავრებულებს უფროს მასწავლებლად არ იღებენ, მასწავლებლის მეორე დონეზეც ვერ ადიან, რაც სისტემის პრობლემაა. გამოდის, რომ უმაღლესი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ამ სამი დაწესბულებიდან - სკოლა, უნივერსიტეტი, პროფესიული - ეს უკანასკნელი ყველაზე კარგადაა განვითარებუილი და თუ ინტერესი გაზრდილია, ძალიან კარგია.

ის, რომ კადრი მაინც არასაკმარისია, გადინების პროცესს უკავშირდება. როცა ადამიანი მომზადებულია და სპეციალობით საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობა აქვს, ქვეყნიდან მიდის. შრომის ბაზარზე რომ ნორმალური ანაზღაურება იყოს, ამ კადრის დიდ ნაწილს შევინარჩუნებდით. ხელფასი არის პრობლემა“, - განაცხადა გულიაშვილმა.

2023 წელს, საქართველოში 27 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა პროფესიული განათლების მისაღებად და ეს მაჩვენებლი თითქმის 3 ათასით მეტია, გასული წლის მონაცემებზე.

 

ლაზი ავშენებულვართ. პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულებზე ნადირობენ დასაქმებლებიო.
ბლეფია ეგ ყველაფერი.
პროფსასწავლებლებში უკვე დასაქმებულები მიდიან, არა სასწავლებლად, არამედ საბუთის მისაღებად, რომელსაც დამსაქმებლები ითხოვენ თავის დაზღვევის მიზნით.
მიიღებენ საბუთს, მერე კი დასაქმებულ კურსდამთავრებულებად ითვლებიან. ეგ არის დღევანდელი პროფგანათლების მთელი ფილოსოფია.
11 თვის უკან