ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მოსამართლეები ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების საქმეებში გაცილებით ლოიალურები არიან, ვიდრე რიგით საქმეებში.
ამის შესახებ For.ge-ს საიას-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - კახა კოჟორიძემ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში გამართული პროცესების მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, საია დაახლოებით 600–მდე პროცესს დაესწრო და მონიტორინგი 2013 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში განხორციელდა.
„დადებითი ტენდენცია შეინიშნება იმ კუთხით, რომ მოსამართლეები აღარ არიან ავტომატურ რეჟიმში ორიენტირებულნი პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. თავად პროკურატურა კი ცდილობს, საქმეები უფრო მეტად დაასაბუთოს. თუმცა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებისას მოსამართლეები უფრო ლოიალურები აღმოჩნდნენ მაღალჩინოსნების საქმეებში, ვიდრე რიგით საქმეებთან დაკავშირებით, რაც კითხვით ნიშნებს ბადებს“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მისი თქმით, ამ კვლევის მიზანი არ ყოფილა კონკრეტული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში არსებული ხარვეზების წარმოჩენა და კონკრეტულ საქმეებზე საუბარი. უბრალოდ, ახალგაზრდა იურისტებმა ზოგად ტენდენციაზე გაამახვილეს ყურადღება.
კახა კოჟორიძის თქმით, მოსამართლეთა ლოიალურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული, აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩა, რაც ფაქტობრივად, დღემდე დიდი იშვიათობა იყო ქართულ სინამდვილეში. ცხადია, მოსამართლეთა ლოიალურობასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა.
სასამართლოს ლოიალური დამოკიდებულების შესახებ კახა კოჟორიძე მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს. მისი თქმით, კონკრეტული ახსნა მათ არ აქვთ, უბრალოდ, ერთ-ერთ მიზეზად არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, წინა ხელისუფლებამ რაღაც გავლენა შეინარჩუნა სხვადასხვა საქმეებზე. თანაც, ზოგიერთ საქმეზე ეს გავლენა აშკარად ჩანს, ზოგ საქმეზე კი -არ ჩანს.
ჩვენ შემოგთავაზებთ საია-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ძირითად ასპექტებს, რომლებიც გახმაურებულ საქმეებს შეეხება.
კერძოდ, მონიტორინგის განხორციელების ისტორიაში პირველად
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ბრალდებულს საერთოდ არ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საქმე შეეხებოდა მაღალი თანამდებობის პირს, თბილისის მერს - გიორგი (გიგი) უგულავას.
როგორც ცნობილია, უგულავას ბრალად ედება მძიმე დანაშაულები: დიდი ოდენობით თანხების მითვისება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ჩადენილი მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით (ორი ეპიზოდი) და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მითვისების ერთ ეპიზოდში, უგულავას ბრალი ედება ყოფილ თავდაცვის მინისტრთან - დავით კეზერაშვილთან ერთად დანაშაულის ჩადენაში. ამისთვის პროკურატურამ მოითხოვა 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო.
დამატებითი ღონისძიების სახით, პროკურატურამ მოითხოვა, რომ სასამართლოს აეკრძალა ბრალდებულისთვის ქვეყნის დატოვება და დაევალდებულებინა იგი, კვირაში ერთხელ გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში.
ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მოთხოვნები ეფუძნებოდა შემდეგ არგუმენტებს: 1) დანაშაულების სიმძიმე, რომელიც ისჯება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით, არსებობს გაქცევის მოტივაცია; 2) პროპორციულობა, რადგან განსასჯელის ხელფასმა ხუთი წლის განმავლობაში შეადგინა 500 000 ლარი, მის მამას საკუთრებაში ჰქონდა მიწა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბრალდებულის პირადი საჭიროებისთვის დაიხარჯა 10 მილიონი ლარი; 3) ბრალდებული რამდენჯერმე არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მიუხედავად უწყების მიღებისა და, ასევე, დაკითხვისას პოლიციას მიაწოდა არაზუსტი ინფორმაცია.
თუმცა უგულავას დაცვამ მოითხოვა, რომ სასამართლოს ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა გიგი უგულავა, ან შეეფარდებინა პირადი თავდებობა პარლამენტის 34 და თბილისის საკრებულოს 24 წევრის ხელმოწერით.
ამასთან, უგულავას დაცვამ ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნილი გირაოს თანხა არ შეესაბამებოდა ბრალდებულის ფინანსურ მდგომარეობას და მის, როგორც ხუთი არასრულწლოვანი ბავშვის მარჩენალის როლს.
ბრალდებულმა უგულავამ კი განაცხადა, რომ ვერ დათანხმდებოდა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას, მისი თანამდებობისა და საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტების გამო.
ამ არგუმენტების საპასუხოდ, პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირადი გარანტია არ უნდა ყოფილიყო მიღებული, როგორც აღკვეთის ღონისძიება, რადგან გიგი უგულავას პოტენციური გარანტორები იყვნენ იმავე პოლიტიკური პარტიის წევრები, რომელსაც ბრალდებული ეკუთვნოდა და ამას შესაძლოა, გავლენა მოეხდინა მათზეც. თუმცა სასამართლომ ბრალდებული უგულავა დატოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საია აბსოლუტურად არაადეკვატურად და ტენდენციურად მიიჩნევს, ვინაიდან ბრალდებულს სერიოზული ბრალდებები აქვს წაყენებული, რაც მკაცრ სასჯელს გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც მაღალჩინოსანმა, ბრალდებულმა გიგი უგულავამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების მსვლელობაზე.
მოსამართლეთა ზედმეტ ლოიალურობას ბაჩანა ახალაიას გახმაურებული საქმეც ავლენდა. ამ საქმეში 100-ზე მეტი მოწმე, რამდენიმე ბრალდებული და რამდენიმე ადვოკატი მონაწილეობდა. ბრალდებულები და მათი ადვოკატები სხვადასხვა სხდომაზე მოწმეებს უსვამდნენ ერთსა და იმავე, ხშირად არარელევანტურ კითხვებს. ამის გამო დაკითხვის პროცესი არაგონივრულად ჭიანურდებოდა.
გარდა ამისა, საია-ს მონიტორინგის მიხედვით, ირკვევა, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები ძალიან აგრესიულები იყვნენ, უყვიროდნენ და ამცირებდნენ ბრალდების მხარის მოწმეებს. თუმცა არც პროკურატურას და არც მოსამართლეს ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების ამ ქმედებების გამო არ მიუღია შესაბამისი ზომები. უფრო მეტიც, მოსამართლეს არ დაუკისრებია ჯარიმა რომელიმე მონაწილისთვის.
საია მიიჩნევს, რომ ახალაიას საქმეში მოსამართლეს უნდა განესაზღვრა გონივრული დრო თითოეული ბრალდებულის მიერ მოწმისთვის შეკითხვების დასასმელად, რათა უზრუნველეყო საქმის გონივრულ დროში წარმართვა. გარდა ამისა, ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების აგრესიული ქცევის საპასუხოდ, მოსამართლეს მხარეებისათვის შესაბამისი პროცედურული ინსტრუქციები უნდა მიეცა.
ამასთან, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ერთი შემთხვევა, რომელმაც პრაქტიკული და საკანონმდებლო ნაკლოვანებები გამოავლინა. კერძოდ, ახალაიასა და სხვათა გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთი ადვოკატის სტაჟიორმა სხდომაზე მოწმეებს მნიშვნელოვანი შეკითხვები დაუსვა. იმავე საქმის ერთ-ერთ
მომდევნო სხდომაზე იმავე მოსამართლემ სტაჟიორს დაცვის განხორციელებაში მონაწილეობა აუკრძალა და სხდომიდან მოხსნა. თავის გადაწყვეტილებაში მოსამართლე აცხადებდა, რომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადვოკატის სტაჟიორს უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ბრალდებულის ინტერესების დაცვაში. საია-ს აზრით, ეს საკანონმდებლო ხარვეზია, რომელიც უნდა გამოსწორდეს.
საინტერესოა, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის -დავით კაკაბაძის საქმე. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, მოსამართლის, ასევე, არაგონივრული ლოიალობა დაფიქსირდა. კერძოდ, ვანის ყოფილ გამგებელს ბრალი ედებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დევნასა და სამსახურებრივ სიყალბეში. თავდაპირველად მას შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, ხოლო დაცვამ მისი შეცვლა 5000 ლარის ოდენობის გირაოთი მოითხოვა, ამტკიცებდა რა, რომ ზოგიერთი დანაშაული, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედებოდა ბრალად, ხვდებოდა „ამნისტიის შესახებ კანონის“ მოქმედების ფარგლებში.
პროკურორი ამას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ბრალდებულს თავდაპირველად დაკისრებული ჰქონდა გირაო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, რის შემდეგაც მან კიდევ ახალი დანაშაული ჩაიდინა. თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, შეუცვალა რა ბრალდებულს პატიმრობა 7000 ლარის გირაოთი.
ამდენად, საია მიიჩნევს, რომ დაცვის შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული საიმისოდ, რომ სასამართლოს იგი დაეკმაყოფილებინა.
ამ და სხვა საქმეების მიხედვით, საია აცხადებს, რომ მონიტორინგის პერიოდში გირაოს სახით შეფარდებული მაქსიმალური თანხა შეადგენდა 35000 ლარს, ხოლო მინიმალური - 1000 ლარს.