დიეგო კოსტა „ჩელსიში“ გადადის

დიეგო კოსტა „ჩელსიში“ გადადის

დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ ბრაზილიელი თავდამსხმელი დიეგო კოსტა კარიერის გაგრძელებას ლონდონის „ჩელსიში“ აპირებს.

რომან აბრამოვიჩის გუნდის წარმომადგენლები ესპანური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდნენ და 25 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს.

სპორტული გამოცემის ჟურნალისტების მტკიცებით, დიეგო კოსტა ლონდონში გადასვლაზე თანახმაა. ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არც „ატლეტიკოს“ წარმომადგენლები არიან.

დიეგო კოსტა წარმოშობით ბრაზილიიდან გახლავთ. მას ამ ქვეყნის გარდა ესპანეთის მოქალაქეობაც გააჩნია. პროფესიული საფეხბურთო კარიერა პორტუგალიურ „ბრაგაში“ 2006 წელს დაიწყო. მადრიდის „ატლეტიკოში“ 2007 წელს გადაბარგდა და ამ კლუბის ღირსებას ერთი სეზონი იცავდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში „სელტაში“, „ალბასეტესა“ და „ვალიადოლიდში“ ასპარეზობდა.

ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშე მადრიდულ გუნდს 2010 წელს დაუბრუნდა, თუმცა მოგვიანებით ნახევარი წლის განმავლობაში „რაიო ვალეკანოში“ თამაშიც მოასწრო.

მიმდინარე სეზონში კოსტამ „ატლეტიკოში“ 12 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში დებიუტი წელს ჰქონდა და მისი ღირსება ორ ოფიციალურ მატჩში დაიცვა.