2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი რამდენიმე დღეში აიკრძალება - ბიზნესს პასუხგაუცემელი კითხვები აქვს

2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი რამდენიმე დღეში აიკრძალება - ბიზნესს პასუხგაუცემელი კითხვები აქვს

2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. რეგულაციების ამოქმედებამდე რამდენიმე დღე რჩება, თუმცა ბიზნესი ბევრ რამეში ვერ გარკვეულა. არის საკითხები, რომელიც ჯერაც ბუნდოვანია და შეიძლება იმპორტიორებს თავსატეხი გაუჩინოს.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, შესაბამისად, 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილები ჩამოსვლა, რომელიც გზაშია და საქართველოსკენ მოემართება, შესაძლოა, ვერ მოესწროს.

ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბუნდოვანია თავად განბაჟების საკითხიც, ჯერჯერობით უცნობია დეკემბერში საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მფლობელები შეძლებენ თუ არა განბაჟებისას საშეღავათო პირობებით სარგებლობას.

„ავტოიმპორტიორების ნაწილმა ავტომობილი პირობითად შემოიყვანა ნოემბერში ან დეკემბერში, მათ აქვთ უფლება კანონით განბაჟებისას ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით 2-3 თვით. მესამე თვე ფასიანია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინც შემოიყვანა ავტომობილი, მან შეიძლება ეს შეღავათი ვერ გამოიყენოს.

ასევე არის მეორე პრობლემა, მაგალითად, შეიძინა ავტოიმპორტიორმა ან ავტომფლობელმა ავტომობილი ივნისში, ივლისში და ეს ავტომობილი გზაშია და ვერ ესწრება მისი ჩამოსვლა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, ამ დროს მფლობელი რთულ მდგომარეობაშია.

წლის ბოლოს ისედაც ბევრი ადამიანი მიდის, რომ მოასწროს ავტომობილის განბაჟება და შემდეგ წელს არ გადაიტანოს, რადგან უძვირდება 200-300 დოლარით. ამას ასევე რომ დაემატება 2013 წლამდე წლოვანების ავტომობილების განბაჟება, რომლის შეზღუდვაც მოხდება 1-ლი იანვრიდან, შეიძლება ძალიან დიდი რიგები იყოს მომსახურების სააგენტოსთან“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძე.

დაახლოებით იმავე პოზიციას იზიარებენ ავტოიმპორტიორთა კავშირში, რომლის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი ვარაუდობს, რომ კანონი ავტობიზნესზე ცუდად იმოქმედებს და ისედაც რთულ მოცემულობას, კიდევ უფრო დაამძიმებს.

„ვფიქრობ, კანონი სინამდვილეში არ განაახლებს საქართველოს ავტოპარკს. მისი განახლებს სხვა გზებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ადამიანს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ ავტომობილის განბაჟებაში ნაკლები თანხა გადაიხადოს, რადგან ძველი ავტომობილი ჩაანაცვლოს ახლით. ასე პირდაპირ აკრძალვა და 10 წელზე ასაკოვანი ავტომობილების ქვეყანაში ვეღარ შემოყვანა, არ არის სწორი მიდგომა და მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. ძველი წლოვანების ავტომობილი შესაძლოა, მართლაც ძალიან ცუდად მოქმედებდეს ჰაერის ხარისხზე. ეს მიმართულებაც მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგია გაჯანსაღდეს, მაგრამ ვისაც ასეთი ავტომობილი ჰყავს, მას მაინც არ გააჩერებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქართველი საკუთარ მანქანას გააჩერებს და სხვა ტრანსპორტით იმგზავრებს, ძალიან ცდება. სახელმწიფომ ასეთი პრობლემები სხვანაირად უნდა გადაჭრას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლაშა დარბაისელმა და თან აღნიშნა, რომ ცვლილების ძალაში შეცვლის შემდეგ, 2013 წელს ქვევით გამოშვებული ავტომობილები გაძვირდება.

სხვაგვარად უყუებენ საკითხს ბიზნესმენები. „კავკასუს ავტოიმპორტში“ ამბობენ, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ქვეყანაში ისედაც დაბალი წილი ჰქონდა, შესაბამისად, თავად რეგულაცია მძიმე წნეხი არ იქნება ბიზნესისთვის, თუმცა როგორც „კავკასუს ავტოიმპორტის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, დადგენილება მაინც ბუნდოვანია და აუცილებელია ვიდრე რეგულაცია შევა ძალაში განმარტებები გაკეთდეს.

„5-7%-მდე არის 2013 წლამდე წლოვანების იმპორტირებული ავტომობილების წილი ქართულ ბაზარზე, შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ მანამდეც არ იყო ამ კუთხით დიდი ბრუნვა, მაგრამ კანონპროექტთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ ჩვენ ინტერპრეტაციის საშუალება არ გვექნება და უფრო გარკვევით გვეცოდინება რა, როგორ და რისთვის მოხდება, რომ სწორად შევძლოთ მომხმარებლის ინფორმირება და იმის შესაბამისად განვახორციელოთ ნაბიჯები“, - აცხადებს კახა ლომიძემ.

2024 წლის იანვრიდან საქართველოში ასაკოვანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ძალაში შევა. საუბარია ევრო 5-ის სტანდარტის სავალდებულო წესით დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ამ სტანდარტზე დაბალი მანქანების შემოყვანა შეიზღუდება. აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს ქვეყნის მთლიანი ავტოპარკის თითქმის 90% უჭირავს.