მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები

ყველამ ვიცით, თუ როგორ ვხდებით ან უნდა შევხდეთ ახალ წელს საქართველოში. მაინც რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩვენში საცივს ან გოზინაყს აგემოვნებენ? გთავაზობთ სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ საინტერესო საახალწლო ტრადიციებს.

ამერიკა

შობისა და ახალი წლისთვის მზადება შეერთებულ შტატებში ნოემბრის ბოლოდან იწყება. ამერიკაში შობა ზეიმს, წვეულებას, საჩუქრებს და სურვილების ახდენას უკავშირდება. ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ არ არსებობს. რადგან ინდაური მადლიერების დღის სიმბოლოა, საახალწლოდ შემწვარი ხორცია მთავარი კერძი, სტარტერად შებოლილი ორაგულისგან დამზადებულ სხვადასხვა ვარიაციას მიირთმევენ, დესერტი კი რეგიონულ კულინარიაზე ან თავად მზარეულზეა დამოკიდებული. თეთრ სახლში აუცილებლად მიირთმევენ ე.წ. „პრეზიდენტის ნამცხვარს“, რომლის რეცეპტიც აბრაამ ლინკოლნის დროინდელია.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ახალი წელი მთვარის კალენდრის პირველ დღეს აღინიშნება. ახალი წელს სამხრეთ კორეაში სოლალი ეწოდება. ამ დღეს კორეელთა უმეტესობა მშობლიურ მხარეებში ხვდება, რათა წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგოს. სოლალი სამდღიანი დღესასწაულია, რომელიც თავისთავად ახალ წელს იწყება.

ინდოეთი

ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულია ახალი წლის შეხვედრის ტრადიციით. ინდოეთში ახალ წელს ხვდებიან წელიწადში 8–ჯერ. ერთ-ერთ ასეთ დღეს უწოდებენ ინდურ „გუდი პადვას“. ამ დღეს ყველა მხიარულობს და ამზადებენ განსაკუთრებულ კერძებს. ამ დღეს ინდოელები დგებიან მზის ამოსვლასთან ერთად, იმოსებიან სადღესასწაულოდ, შემდეგ კი ფიქრობენ თავის წარსულ საქციელზე, ქმედებებზე და როგორ გამოასწორონ ის, რაც გააფუჭეს გასულ წელს. დღისით იწყება დღესასწაული ქუჩებში: სხვადასხვა ღონისძიებები, ქუჩის სპექტაკლები, შეჯიბრებები, ტრადიციული საჰაერო ფრანის გაშვება.

იაპონია

იაპონიაში ახალი წლის დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს, მანამდე 28 რიცხვიდან მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები, ისვენებენ ფირმები, კომპანიები, ბანკები. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია ისვენებს და წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი. ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში 108-ჯერ რეკავენ ზარს. ამით იაპონელები ყველაფერ ცუდს და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ. ზარის ხმა ისმის მთლიანად იაპონიის ქალაქებში, ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის.

იაპონელები ახალი წლის დღეს ერთმანეთს უგზავნიან საახალწლო ღია მისალოც ბარათებს, ამ დღეს იაპონიაში 1 მილიარდზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება. საახალწლო საჩუქრებიც იაპონელებისთვის ყველაზე დიდი ტრადიციაა, ისინი სავაჭრო ცენტრებში ერთი თვით ადრე ემზადებიან.

იტალია

იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და ბავშვებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს - ნაცარს ან ნახშირს. იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია. იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ.

იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს. იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ ახალი წელი.

გერმანია

გერმანიაში ახალ წელს განსაკუთრებული მასშტაბით აღნიშნავენ. აქ ახალგაზრდობა მთელი ღამის განმავლობაში ერთობა, უფროსი თაობა კი რესტორნებში ქეიფობს, ამიტომაც სახლები, ძირითადად, ცარიელია. გერმანელები დღესასწაულს „სილვესტერს“ ეძახიან, 335 წელს გარდაცვლილი ღვთისმსახურის საპატივცემულოდ. კიოლნის, მიუნხენის და ბერლინის ბავშვებისთვის საჩუქრები სანტა კლაუსს კი არ მიაქვს, არამედ ვაინახსტმანს. საინტერესოა ის, რომ „ცუდ ბავშვებს“ ის წკეპლით სცემს. მას თანამგზავრიც ყავს, ლამაზი გრძელთმიანი ქრისტკინდა. ბავშვები ლექსებს უკითხავენ არა თოვლის ბაბუას, არამედ ამ გოგონას, რისთვისაც იღებენ საჩუქრად ვაშლებს, კაკალს და სხვადასხვა ტკბილეულს.

ესპანეთი

ესპანეთში ერთ–ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიკული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა, უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ „საცოლეებს“, ხოლო გოგონები „საქმროებს“. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს – ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიკულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის. ბარსელონასა და მადრიდში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ „საქმროებად“ და „საპატარძლოებად“ მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით „საქმროს“ უნდა მოენახულებინა „საცოლე“ და მიეტანა საჩუქარი – ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ „საცოლედ“ საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.

ფინეთი

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ–ერთი ფორმაა, გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ბულგარეთი

ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთსა და ავსტრალიაში. ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. ბულგარელების უხარით, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.

დანია

დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან – რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ – ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს, ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ.

არგენტინა

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით „იმოსება“. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლეს. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.

ავსტრალია

ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის ბაბუს ხილვა მხოლოდ სიდნეის პლიაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის ბაბუს ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5-6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.