ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

პენსიაზე გასვლის მომენტი ხშირად ნამდვილ ტრაგედიად იქცევა. ზოგიერთ ადამიანში ეს პროცესი იმდენად მტკივნეულად მიმდინარეობს, რომ ინფარქტამდეც კი მიდის.

პირველ რიგში, ადამიანს, რომელიც პენსიაზე ახლა გავიდა, ახლობლების ყურადღება ესაჭიროება. შვილებმა და შვილიშვილებმა ასაკოვან ადამიანს უნდა გააგებინონ, რომ მარტო არ დატოვებენ, გვერდში დაუდგებიან და მისთვის სასურველი საქმის მოძებნა–კეთებაში დაეხმარებიან.

პატივისცემა და ზრუნვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ხანდაზმულმა ადამიანმა თავი ჯერ კიდევ საჭიროდ იგრძნოს. კარგი იქნება, პენსიონერებმა ბედზე ჩივილისა და წნევის წარამარა დემონსტრაციულად გაზომვის ნაცვლად, თავი სხვა ამპლუაში მოსინჯონ – შვილიშვილების აღზრდაში მონაწილეობა მიიღონ ან ახლობლებს ნებისმიერი სხვა დახმარება აღმოუჩინონ.

მთავარი – მთელი დღე ტელევიზორთან ან სადარბაზოს წინ არ დაჯდეთ. სწორედ აქედან იწყება სიბერე და არა ბანკეტიდან, პენსიაზე გასვლის წინ რომ უწყობენ.

თითქმის ყველას შრომითი საქმიანობის დასრულებისას უსარგებლობა–ზედმეტობის მტანჯველი გრძნობა უჩნდება, მაგრამ ასეთი ფიქრები უნდა განდევნოთ. რით ხართ ახალგაზრდებზე ნაკლები?!

ცოდნა, გამოცდილება და კიდევ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ. შეიძლება ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც დროა არამხოლოდ ექიმთან იაროთ, არამედ თავისუფალი დრო საინტერესო გახადოთ. მეხსიერების გასაწვრთნელად უცხო ენის შესწავლა დაიწყეთ, საინტერესო ექსკურსია ან გამოფენა შეარჩიეთ, დიდი ხნით უნახავ მეგობარს ესტუმრეთ, ეკლესიაში წადით, სადაც მოუცლელობის გამო დიდი ხანია აღარ ყოფილხართ.

გახსოვდეთ, დროის პასიურად გატარება ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და გონების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ტვინს, ისევე როგორც ნებისმიერ კუნთს, ვარჯიში ესაჭიროება – სხვაგვარად ატროფირდება.

არასდროს მიიღოთ მონაწილეობა საუბრებში, სადაც ახალგაზრდა თაობასა და ცხოვრების ახალ წესებს აძაგებენ. პირიქით, ეცადეთ, ყველაფერი ახლის მიმართ ინტერესი გამოამჟღავნოთ, ახალგაზრდებთან ფართო კონტაქტებს ესწრაფეთ, თქვენი შვილების, შვილიშვილების, მეგობრების წამოწყებებს მხარი დაუჭირეთ.

ყოველ თქვენგანს ჰყავს შვილები და შვილიშვილები, რომლებიც თქვენს დახმარებაზე ოცნებობენ. ასე რომ, თქვენი მარტოობა – ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. სიბრძნის ასაკი საშუალებას გაძლევთ, თქვენი ცხოვრება მთლიანობაში დაინახოთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ, შეაფასოთ და ცხოვრება სრულყოფილად გააგრძელოთ.

ყველაზე მთავარი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – ჩვენი ცხოვრების ბატონ–პატრონები თავად ვართ. ჩვენ თვითონ ვხდით მას საინტერესოს ან მოსაწყენს, სრულფასოვანს ან უაზროს.