საწვავი უნდა გაძვირდეს თუ უნდა გაიაფდეს?

საწვავი უნდა გაძვირდეს თუ უნდა გაიაფდეს?

ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავი მცირე ავტოგასამართ სადგურებზე იაფდება, ხოლო ბრენდირებულ სადგურებზე ფასი სტაბილურია. არანაირი ნიშნები იმისა, რომ ნავთობპროდუქტები გაძვირდება არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო ბირჟებზე არ იკვეთება. მიუხედავად ამისა, გაჩნდა სრულიად საპირისპირო ინფორმაცია.

ეკონომიკისა სამინისტრო საწვავის ფასის შესაძლო ზრდის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმიანება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს“. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.

„საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ. შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს პოზიციას იზიარებენ ის ბიზნესმენებიც, რომლებიც უშულოდ თვითონ ეწევიან საწვავის იმპორტს ქვეყანაში. „სენტა ოილის“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, ახლა სიტუაცია ისეთია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენციაა, გარდა ამისა, რუსეთში იაფად შეძენილი საწვავი, ჯერ კიდევ გზაშია, მთლიანი რაოდენობა არც შემოსულა, ამიტომ, გაძვირება კი არა, მოსალოდნელია გაიაფება.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ქვეყნებს საწვავს იაფად აღარ მიაწვდის, ოფიციალურად არ დასტურდება. როგორც იაკობიძე ამბობს, მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა და მისთვის ცნობილი არ არის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა.

„რუსეთისგან საწვავს ვიღებთ იმაზე ნაკლებ ფასად, რაც ზოგადად, მსოფლიო ბაზარზეა, თუმცა რუსეთი შედარებით იაფად გვაძლევს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებსაც. მისი პოლიტიკა იქიდან გამომდინარეობდა, რომ რუსეთისთვის ჩვეულებრივი გასაღების ბაზრების რაოდენობა შეზღუდული იყო და არა ის, რომ საქართველოს რამე განსაკუთრებულ პირობებში გვამყოფებდა.

შემდეგ მოხდა ექსპორტის შეზღუდვა რუსეთის მხრიდან, მაგრამ ცოტა ხნის წინ მოიხსნა და ისევ ისე, შედარებით დაბალ ფასად ვყიდულობთ. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ რუსეთი ამ საშეღავათო ფასების გაზრდას აპირებდეს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს.

თანაც ახლა სიტუაცია ისეთია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლების ტენდენციაა, გარდა ამასა, რუსეთში იაფად შეძენილი საწვავი, ჯერ კიდევ გზაშია, მთლიანი რაოდენობა არც შემოსულა, ამიტომ, გაძვირებას კი არა, გაიაფებს ველოდებით“, - განუცხდა „ბიზნესპრესნიუსს“ იაკობიძემ.

იმპორტიორთა პოზიციას იზიარებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძეც, რომელიც ადასტურებს, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა სტაბილურია და ამიტომ საცალო ქსელებში საწვავის გაძვირება მოსალოდნელი არაა. ევროპულსა და რუსულ საწვავს შორის ფასები დაახლოვდა, თუმცა რუსული ნავთობპროდუქტი მაინც უფრო დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს.

„ამ დროისათვის, რუსული საწვავი თვითღირებულებით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა.

შეიძლება რუსულ საწვავთან მიმართებით ვითარება გარკვეულწილად იცვლება, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის და გავლენის მომხდენი არ არის, გარკვეული დეზინფორმაცია არის, რათა მომხმარებლები შეყვანილი იყვნენ შეცდომაში“, - განაცხადა ლექვინაძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის 10 თვეში საქართველომ 929 მილიონი დოლარის ღირებულების 1.1 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. მათ შორის ყველაზე მეტი - 503 მილიონი დოლარის ღირებულების 704 ათასი ტონა საწვავი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. 134 მილიონი დოლარით და 153 ათასი ტონის იმპორტით მეორე ადგილი რუმინეთმა დაიკავა, მესამეზე კი 68 მილიონი დოლარით და 79 ათასი ტონის იმპორტით აზერბაიჯანი გავიდა.