წარმატებული კარიერის საიდუმლოებები

წარმატებული კარიერის საიდუმლოებები

წარმატებული კარიერისთვის მხოლოდ ცოდნა და ნიჭი არასაკმარისია. წინსვლისთვის ასევე აუცილებელია კარგი რეპუტაცია. როგორ შევიქმნათ ის?

ამისთვის საჭიროა კოლექტივსა და საზოგადოებაში რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.  

თქვენი რეპუტაცია კომპანიაში ბევრად დამოკიდებულია თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. მათთან კარგი დამოკიდებულება – კარიერისთვის დიდი პლუსია. გახსოვდეთ: კოლექტივში მუშაობისას აუცილებლად ანგარიში უნდა გაუწიოთ გარშემომყოფთა აზრს. თუ რაიმე მიზეზით რომელიმე კონკრეტულ თანამშრომელთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ ან უბრალოდ ცუდ განწყობაზე ხართ, თავს ძალა დაატანეთ და მოუსმინეთ ადამიანს, როდესაც რაღაც წინადადებით მოგმართავთ ან დახმარებას გთხოვთ. იყავით თავაზიანი და ყურადღება გამოავლინეთ.

რაც შეეხება სამსახურში მეგობრობას, სიმართლე რომ ითქვას, არ ღირს. სიტუაცია შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: დღეს მეგობრები ხართ, ხვალ – კონკურენტები და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ერთმანეთი დალანძღოთ. ამავე დროს, ყველა საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მას გაუზიარეთ, შეიძლება თქვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ისე ძლიერ არავინ გატკენთ გულს, როგორც ის ადამიანი, ვინც თქვენი სუსტი ადგილი იცის.

ბევრად უკეთესია, თანამშრომლებთან თბილი და კეთილმეგობრული დამოკიდებულება გქონდეთ, მაგრამ ნეიტრალური ურთიერთობა, გარკვეული დისტანცია შეინარჩუნეთ. სხვათა შორის, კოლეგებთან შეგიძლიათ არამხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილოთ. მოუყევით თქვენი ინტერესებისა და გატაცებების შესახებ – ეს ადამიანებს აახლოებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პირადი ცხოვრება და თანამშრომლებზე ჭორაობა – დახურული თემებია. ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თქვენ პირად პრობლემებზე საუბარი არ ღირს. ასეთი გულახდილობა შეიძლება საზიანოდ მოგიბრუნდეთ.  

რატომ არ გაზრდით ურთიერთობის წრეს? ნაცნობობა საჭიროა მაშინ, როდესაც ახალ სამუშაოს ეძებთ: რაც მეტი ადამიანი იქნება თქვენი პრობლემის კურსში, მით მეტია ალბათობა, რომ მის გადაჭრაში რომელიმე მათგანი დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ბევრ კომპანიაში დიდი სიამოვნებით იღებენ თანამშრომლებს რეკომენდაციით და არა – ქუჩიდან. კავშირების გარეშე იმ შემთხვევაშიც ვერ გახვალთ, თუ თქვენი საქმიანობის ასპექტის კარდინალურად შეცვლა გსურთ. როდესაც გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხზე კონსულტაცია მოგცენ, საჭირო კონტაქტებით დაგეხმარონ, ეს ცხოვრებას გაგიადვილებთ.

როგორ გავაბათ ნაცნობობა? თუ კომუნიკაბელური ხართ, უცნობ ადამიანებთან დამოკიდებულებში თავს კომფორტულად გრძნობთ, მეტიც საჭირო არაფერია. იცოდეთ, შეხვედრისას თქვენთვის საჭირო საკითხები განიხილეთ (და არა – ტელეფონით), შედეგი ასე უფრო ეფექტურია. მაგრამ საუბარს ნუ გააჭიანურებთ: გახსოვდეთ, არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის დროსაც კარგავთ.

დაამყარეთ კავშირები ადამიანებთან, შეიძინეთ ნაცნობები და მზად იყავით არამხოლოდ მისაღებად, არამედ გასაცემადაც, დაეხმარეთ სხვებს, როცა ეს აუცილებელია.

ეცადეთ, თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას კარგი ახალი ამბები ხშირად აცნობოთ. მაშინ ოფისში თქვენი გამოჩენა ავტომატურად დადებით ემოციებს გამოიწვევს, რაც სასიკეთოთ წაგადგებათ.

კარიერისთვის მეტად მნიშვნელოვანია მოწესრიგებული, პასუხისმგებელი ადამიანის რეპუტაცია. ამიტომ ნუ დაპირდებით, თუ არ იცით, სიტყვას შეასრულებთ თუ არა.

თუ გაიგებთ, რომ რომელიმე ნაცნობთაგანი სხვა სამუშაოზე გადავიდა, მიულოცეთ, დაინტერესდით, ახალ ადგილზე თავს როგორ გრძნობს, კონტაქტი იქონიეთ.

იყავით ყურადღებიანი და გულისხმიერი. თუ შემთხვევით მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ნაცნობს გამოადგეს, აუცილებლად აცნობეთ. დღეს თქვენ დაეხმარებით სხვას, ხვალ თქვენ დაგეხმარებიან.