ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს, ირაკლი ალასანია პორტუგალიის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ხოსე პედრო აგუიარ ბრანკოს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. ირაკლი ალასანიამ უცხოელ კოლეგას სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობა შესთავაზა. პორტუგალიური მხარე საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობითაც დაინტერესდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პორტუგალიელ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ლონდონისა და ვილნიუსის სამიტების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
„შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განვიხილეთ. პორტუგალია ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალიან ძლიერი მხარდამჭერია. მომავალი სამიტი, დღევანდელი ყველა საუბრის შედეგად იქნება შედეგიანი საქართველოსთვის და გადაიდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი ნატოში ჩვენი ინტეგრაციისკენ. ასევე, ვისაუბრეთ ავღანეთში შემდგომ ოპერაციებზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ამ ფორმატში გვექნება ნატოს წევრ ქვეყნებთან“. - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
მინისტერიალის ფარგლებში, ხვალ ირაკლი ალასანია რეგიონის ქვეყნების, ასევე, რუმინეთისა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს.