საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ალასანიამ ბერძენ კოლეგას დიმიტრიოს ავრამოპოულოსს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში 9 ბერძენი დამკვირვებელი იღებს მონაწილეობას.მინისტრებმა ლონდონისა და ვილნიუსის დაგეგმილ სამიტებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო, ასევე ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის საკითხი.
„შეხვედრაზე განვსაზღვრეთ ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები. შევთანხმდით, რომ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ესტუმრება საქართველოს. საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალი წლის სამიტისთვის, რათა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს საქართველოსთვის და გადაიდგას კიდევ ერთი ხელშესახები ნაბიჯი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ.“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი ალასანიამ უცხოელ კოლეგას ბერძენი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის კურსების გავლა შესთავაზა.
ხვალ ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრების დონეზე ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან გენერალ კნუდ ბარტელსთან და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან გამართავს შეხვედრებს. ნატოს შტაბ-ბინაში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პორტუგალიის, რუმინეთის, ალბანეთის და რეგიონის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.