გუშინ საღამოს გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ 29 წლის ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულებას კიდევ ხუთი წლით გააგრძელებს.
ინიესტა „ბარსელონაში“ 2002 წლიდან ასპარეზობს და ამ კლუბის მაისურით 468 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ანგარიშზე 47 გოლი ირიცხება.
ინიესტას კატალონიელებთან გაფორმებული წინა კონტრაქტის მოქმედების ვადა 2015 წლის ივნისში ეწურება.
გუშინ საღამოს „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ განაცხადა რომ მოთამაშესთან თანხმობა უკვე მიღწეულია და ინიესტა კლუბში 2020 წლამდე დარჩება.