ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული „საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგოდამოუკიდებლობის“ მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად იკლებდა. ვითარება შედარებით შეიცვალა 2023 წელს და მთავრობის პროგნოზით უფრო კარგი შედეგია მოსალოდნელი 2024 წლისთვის. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება, ხოლო გამომუშავება კი იზრდება.
დოკუმენტში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ბოლო 30 წლის გზა, ამჟამინდელი მდგომარეობა, დარგის გამოწვევები და ის დიდი პოტენციალია მიმოხილული, რომელიც ქვეყანას განახლებადი ენერგიის რესურსების სახით გააჩნია. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ელ.ენერგიის მხრივ გვაქვს, თუმცა ქვეყანა აქაც მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული.
მათი შეფასებით, 2012-2022 წლები საქართველოს ენერგეტიკის აღდგენასა და განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, რა დროსაც 54 ახალი სადგური აშენდა. მთლიანობაში, 2012 წლიდან 2022 წლამდე აშენებული ახალი სადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 1 197.474 მგვტ შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრის 26%, ანუ მეოთხედზე მეტი სწორედ ბოლო ათწლეულში აშენდა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2012-2022 წლებში აშენებული სადგურების 61% ჰესები, ხოლო 39% თბოსადგურები იყო. რაც შეეხება მოხმარებას, რომლებიც ბოლო ათწლეულში ყოველწლიურად იზრდებოდა, მისმა მოცულობამ 2022 წლისთვის 15 მლრდ 800 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მაშინ როდესაც წინა ათწლეულში ეს რიცხვი 8-9 მილიარდი იყო. 2010 წლიდან ელ.ენერგიის იმპორტის რაოდენობა მაინც, სულ იზრდებოდა.
„ამ დროიდან მოყოლებული დღემდე გენერაციის წილი მთლიან მოხმარებაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ქვეყნის შიგნით გამომუშავებული ელენერგიის წილი 89%-დან 69%-მდე შემცირდა, რაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად იკლებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია რუსეთიდან გვაქვს შეძენილი. ბოლო ათწლეულში რუსეთიდან შეძენილმა ელექტროენერგიამ, მთელი იმპორტის 52% შეადგინა, თუმცა წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტის წილი 15%-დან 95%-მდე მერყეობდა. „საქართველოს რუსეთიდან იმპორტის ზრდა ჩვენი ელ.ენერგიაზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული, იმავდროულად რუსეთიდან იმპორტის მიზეზი შედარებით დაბალი ტარიფიცაა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
თუმცა სხვაგვარია მთავრობის ოფიციალური პოზიცია. ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი შეამცირა. ეს თავისთავად გამოიწვევს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. 2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მომავალ წელს, ქვეყნის ჯამური მოხმარება 14.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია იქნება. 2023 წლის სიმძლავრის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით ჯამური მოხმარება 15.398 მლრდ კვტ/სთ-ზე იყო ნავარაუდევი.
საპროგნოზო ბალანსის მიხედვით თბოსადგურების გამომუშავება 3.04 მლრდ კვტ/სთ იქნება, ქარის სადგურის - 85.8 მლნ კვტ/სთ, ჰესების - 11.15 მლრდ კვტ/სთ, იმპორტი კი - 991 მლნ კვტ/სთ.
საპროგნოზო მაჩვენებლებში კლება პირდაპირი მომხმარებლების (მსხვილი კომპანიები) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით არის გამოწვეული. ასეთი მომხმარებლებისთვის 2024 წელს, სავარაუდოდ, 3.1 მლრდ კვტ/სთ-ის მიწოდება მოხდება. 2023 წლის პროგნოზით 3.9 მლრდ იყო ნავარაუდევი.
რაც შეეხება მოხმარების სხვა მაჩვენებლებს. მომავალ წელს ექსპორტი კვლავ მაღალ ნიშნულზეა ნავარაუდევი. საექსპორტო ბაზრებზე 774 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გატანა ივარაუდება. ეს მაჩვენებელი შესაძლოა დაკორექტირდეს, რასაც წარმოება/მოხმარების მაჩვენებლები და საექსპორტო, ძირითადად, თურქეთის ბაზარზე არსებული ფასი განაპირობებს. ხელსაყრელი პირობების გამო, 2023 წელს 9 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.468 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა და რეკორდული 103 მლნ დოლარის შემოსავალიც მიიღო. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარი იყო.
როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, წელს თბოელექტროსადგურები განსაკუთრებით დაიტვირთა და ექსპორტის მკვეთრი მატება ამანაც განაპირობა.
„მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 103 მლნ დოლარი ელექტოენერგის გვაქვს გაყიდული, რაც ძალიან დიდი შედეგია. შარშანდელი წელი ძალიან მოგვწონდა, რადგან კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ 84 მლნ დოლარის დენი გავყიდეთ, შარშანწინ კიდევ უფრო ცოტა და ა.შ. გამოდის, რომ წელს შესანიშნავი შედეგი გვაქვს და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი - კარგი ჰიდროლოგია გვქონდა და ჩვენმა ჰესებმა დიდი ოდენობით ელექტროენერგია გამოიმუშავეს. მეორე - მაქსიმალურად დაიტვირთა ჩვენი თბოელექტროსადგურები.
ფაქტობრივად, ყველა თბოსადგური მუშაობს და საკმაოდ დიდი რაოდენობით დენს გამოიმუშავებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მეტ-ნაკლებად დარეგულირდა ბუნებრივი აირის მოწოდების საკითხი. ოფციური გაზის რაოდენობა გაიზარდა, დამატებითი კიდევ შემოვიდა ბუნებრივი აირი, გაიზარდა რუსეთიდან შემოტანილი გაზის მოცულობაც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ მაქსიმალურთან მიახლოებით დაგვეტვირთა ჩვენი თბოელექტროსადგურები“, - განაცხადა გია არაბიძემ.