„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ბრაგასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. მათ შორის კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიაზეც და თქვა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტურია კვარას პროგრესი.
„ჩვენთვის ფუნდამენტურია კვარაცხელიას და ოსიმენის მომატება, ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, დღეს კმაყოფილი ვარ, რადგან პროგრესი დავინახე. გუნდმა დაიწყო კომპაქტურად თამაში და ნაკლები კონტრშეტევა მივიღეთ. ბევრ რაღაცაში პროგრესი დავინახე. დარწმუნებული ვარ, როცა მეტი დრო მექნება გუნდთან სამუშაოდ, უფრო კარგ რაღაცებს გავაკეთებთ“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ გამართავს.