როგორ ვხარჯოთ ფული გონივრულად

როგორ ვხარჯოთ ფული გონივრულად

როდესაც შემოსავალი იკლებს, იძულებული ვხდებით, კვებასა და სამოსზე ხარჯები შევამციროთ, სესხი თოვლის გუნდასავით იზრდება და გვეჩვენება, რომ ამ სიტუაციიდან ვერასოდეს გამოვალთ.

ხდება პირიქითაც – დაგვაწინაურეს, ხელფასი 2–ჯერ გაიზარდა. ვფიქრობთ, ახლა შეგვიძლია თავს იმის უფლება მივცეთ, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობდით, მაგრამ ფული თითქოს ორთქლდება და ზოგჯერ სესხის აღება ისევ გვიწევს, როგორც ძველ, "ცუდ" დროში.

როგორ მოვიქცეთ? სპეციალისტები გვირჩევენ: შემოსავალი მკვეთრად გაიზრდება თუ შემცირდება, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ეკონომიურად ხარჯვა.

გთავაზობთ რამდენიმე წესს. თუ მათ დაიცავთ, ფული ყოველთვის გეყოფათ.  

სოლიდური თანხა მოგიმატეს? გილოცავთ და გირჩევთ, ფულს ნუ გაფანტავთ.

"განწყობის" ქვეშ მყოფი იმპულსურად ყველაფერს ნუ შეიძენთ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა შეგიძლიათ, თავს ამის უფლება მისცეთ. შეიძინეთ ის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომლის ყიდვასაც ადრე, ხელფასის მომატებამდე გეგმავდით.

ახალ ფულს უნდა შეეჩვიოთ. ხელფასი ორ ნაწილად გაყავით – ერთი ის თანხაა, რომელსაც ხელფასის მომატებამდე იღებდით, მეორე – რაც მოგიმატეს. ყველა აუცილებელი ხარჯი, მგზავრობაზე, კვებაზე, კომუნალურ მომსახურებაზე "ძველი" თანხიდან გადაიხადეთ. ხოლო მომატებული ფული სასურველია ასე დახარჯოთ:

50% ბანკში შეინახეთ მაღალი პროცენტით. ამით საშუალება გეძლევათ, კარგი კაპიტალი დააგროვოთ.

30% შეგიძლიათ ახალი პიჯაკის ან ტელეფონისთვის გადადოთ, რათა ახალ თანამდებობას "შეეფერებოდეთ".

10% საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეთ ან მატერიალურად შეჭირვებულ ნაცნობებსა და ახლობლებს დაეხმარეთ.

10% თქვენი სურვილისამებრ გამოიყენეთ.

ნუ მოახდენთ იმის დემონსტრირებას, როგორი შეძლებული ხართ. არ ღირს "სტატუსის" შესაფერი ნივთები შეიძინოთ. ფუნქციონირების თვალსაზრისით, ჩვეულებრივზე უკეთესი არ არის, უბრალოდ, ბევრად ძვირი ღირს.

გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ნუ შეიცვლებით. მეგობრები დააფასეთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ფული ადამიანის ხასიათს აფუჭებს. დაე, თქვენზე ასე არ იფიქრონ.

არ აიღოთ ახალი კრედიტები, თუ წინა დაფარული არ გაქვთ. გეჩვენებათ, რომ ახლა ნებისმიერი ვალის გადახდა შეგიძლიათ, მაგრამ ეიფორია შეიძლება მაცდუნებელი აღმოჩნდეს. თქვენი ფინანსური შესაძლებლობები გონივრულად შეაფასეთ.

მთელ ფულს ერთბაშად ნუ გაფლანგავთ. შემოსავლის ნაწილი გადაინახეთ. ყოველთვის ჩაიწერეთ თქვენი გასავლები და ჩანაწერები დროდადრო გადაიკითხეთ. ეს დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ, ხარჯებიდან ზედმეტი რომელი იყო და მომავალში მათზე შეგიძლიათ უარი თქვათ.  

საოჯახო ბიუჯეტში ფულის ყოველი შეტანისას განსაზღვრეთ, ეს თანხა რამდენი ხანი უნდა იმყოფინოთ.

პირველ რიგში, უნდა დაიხარჯოს ყველაზე მნიშვნელოვანზე – ჭამა, კომუნალური გადასახადები, კრედიტების დაფარვა. უარი თქვით ახალ სამოსზე, სილამაზის სალონში სიარულზე, თეატრში ძვირადღირებულ ბილეთზე, ისეთ რამეებზე, რომელთა გარეშე ადვილად გახვალთ. შეიძინეთ წიგნაკი, სადაც ყოველ დანახარჯს ჩაწერთ. ეს ჩვევა დაგეხმარებათ, ხელფასის 30% შეინახოთ.