ევროლიგის მე-13 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" თელ ავივის "მაკაბის" უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით - 100-90 დაამარცხა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ანგარიშიც 49:49 დაფიქსირდა, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდში იტალიური გუნდი უკეთესი იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.
"ბოლონიას" რიგებში კვლავ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 33:52 წუთი გაატარა, რა დროშიც: 27 ქულა, 8 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა გამოიმუშავა. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და შესაბამისად მატჩის MVP გახდა. შენგელიამ 13-დან 10 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
დამარცხებულთა გუნდიდან 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ბრაუნს, ხოლო ბოლონიელთაგან 22 ქულა მარკო ბელინელიმ მიითვალა. აღსანიშნავია რომ ბოლონიელთა რიგებში ჩაგდებული ქულების ნახევარი, სწორედ შენგელიას და ბელინელის ანგარიშზეა.
"ვირტუსს" 9 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს, თორნიკეს ყოფილ კლუბთან "ბასკონიასთან" სტუმრად ჩაატარებენ.