ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსია“ „ხეტაფესთან“ დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, რომელმაც თავისი გუნდი გოლისგან რამდენჯერმე გადაარჩინა.
ლა ლიგამ სწორედ ქართველი მეკარე დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო ესპანურმა მედიამ თანაგუნდელებში ყველაზე კარგი შეფასებები დაუწერა:
AS: „ვალენსიას“ თამაშში მანამდე ტოვებდა, სანამ ბორხა მაიორალმა ბურთი კარში მიუწვდომლად არ გადაგზავნა. ეჭვგარეშეა, რომ თავის გუნდში საუკეთესო იყო“.
Superdeporte: „ჟორდი მარტინის წინააღმდეგ ერთი-ერთზე ბრწყინვალე იყო. მეორე ტაიმში ღირებული სეივები ჰქონდა, მაიორალის თავურზე შეუძლებელი ვერ შეძლო“.
Eldesmarque: „პირველ ტაიმში უსაქმოდ იყო, მაგრამ გაბრიელ პაულისტას გაძევების მერე იძულებული გახდა მოსალოდნელზე მეტი ემუშავა. ფაქტობრივად სამ წუთში სამი სეივი გააკეთა, რამაც მეტოქეს გოლის გატანაში ხელი შეუშალა. 1:0-ზე ვერაფერი გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 21 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი 5-ჯერ შეინახა. ის ლა ლიგამ მეორედ დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ რუბენ ბარხას გუნდმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა.