შერჩევითი შეღავათები გრანტიორებისთვის

შერჩევითი შეღავათები გრანტიორებისთვის

[თეონა ხარაბაძე]

ხელისუფლება კინოს ინდუსტრიის ფინანსურ ხელშეწყობას გეგმავს. ამისთვის კი ქართულ კინოში ჩადებული დაფინანსება გადასახადებისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ განცხადება კულტურის მინისტრმა გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ მთავრობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იქნება ინიცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ საგაზაფხულო სესია 1-ელ თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება, ამ ინიციატივის შესახებ პარლამენტში, ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მთავრობაში ახლა მუშავდება და კანონპროექტის სახეს როდესაც მიიღებს საზოგადოებისთვის მაშინ გახდება ცნობილი.

კულტურის მინისტის განცხადებით კი, ქართული კინოსთვის, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან გაცემული თანხები გრანტად ჩაითვლება და, რაც მთავარია,   გადასახადებისგან გათავისუფლდება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კი ოპოზიციაც და ექსპერტებიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა უთანასწორობის პრინციპებს ამკვიდრებს.

„რამდენიმე თვის წინათ, როდესაც მთავრობამ ახალი საგადასახო კოდექსი შემოიტანა, მაშინ აღმოჩნდა, რომ გრანტებიც დაიბეგრებოდა და მაშინ ამაზე ძალიან მწვავე კამათი გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების დიდი ნაწილი მიდის ბიუჯეტში და აკლდება იმ სფეროს, რისი დაფინანსებაც უცხოეთიდან ხდება. ფაქტია, რომ ეს თანხები, ძირითადად, შემოდის ადამიანის უფლებების დასაცავად და ზოგადად სამოქალაქო სექტორის განსავითარებლად.

ხელისუფლების ასეთი პოზიცია კი მხოლოდ იმის ნიშანია, რომ მათ ეს საკითხები დიდად არ ადარდებთ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ბიუჯეტი რითი შეავსონ მაშინ, როდესაც ეკონომიკის რეალური განვითარებისთვის არაფერი კეთდება. ამ დროს კი ზოგადად გრანტების დაბეგვრა და ამის ფონზე, რომელიღაც სფეროს გათავისუფლება იმიტომ, რომ ეს რომელიღაცა გავლენიანმა მინისტრმა მოინდომა, სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

მის ამ მოსაზრებას ეკონომიკის ექსპერტებიც იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ ზოგადად გრანტების დაბეგვრა არასწორია. თავისთავად ამ არასწორ გადაწყვეტილებას ერთი სფეროს გათავისუფლება უფრო ამძიმებს.

„საერთოდ, გრანტი არ უნდა იბეგრებოდეს. მაგრამ თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაშინ ყველგან უნდა იბეგრებოდეს. ან არაფერი უნდა იბეგრებოდეს, ან ყველგან. მე არ მესმის, რატომ არ უნდა იბეგრებოდეს კინოში გრანტი და რატომ უნდა იბეგრებოდეს ლიტერატურაში, ან – პირიქით. ორივე ხელოვნების დარგია და, მგონი, განვითარება თანაბრად სჭირდებათ. პრობლემა ის არის, რომ მომიჯნავე დარგებს შორის რომელიღაცისთვის უპირატესობის მინიჭება არ შეიძლება“, - აცხადებს „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.

რადგანაც გადაწყვეტილება საკმაოდ კრიტიკულად ფასდება. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, ეს მთავრობის შეცდომაა თუ მართლაც კონკრეტული პირების გავლენის შედეგად გადადგმული ნაბიჯი?

უნდა ითქვას, რომ ტყემალაძე მიზანმიმართულ პოლიტიკას გამორიცხავს და ამას ქობალიას ფაქტორს უკავშირებს.

„როგორც ეტყობა, ეს ინდური კომპანიის გადაწყვეტილების საპატივსაცემოდ კეთდება, რათა ქობალიას იმ ინიციატივისთვის, რომ საქართველოში „ბოლივუდი“ შემოვიდეს – ხორცშესხმა მოხდეს“, - აცხადებს ტყემალაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, რომელიღაც ერთი, თუნდაც გავლენიანი კომპანიის მოსაზიდად იყოს გამიზნული, არასწორად მიიჩნევს.

„ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს, როდესაც თანასწორობა ირღვევა? ესაა ორმაგი სტანდარტი. ეს არის უსამართლო სამართლიანობის თვალსაზრისითაც და საგადასახადო თვალსაზრისითაც. იგივე ივანიშვილი თეატრს რომ აფინანსებს, ეს რატომ არ უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან და რატომ უნდა გათავისუფლდეს ინდური კომპანია? მთელი პრობლემა ის არის, რომ ამგვარი ორმაგი სტანდარტების გამო ჩვენს ქვეყანაში არ ვითარდება ეკონომიკა და ყველაფერი არის არაპროგნოზირებადი, რაც არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს“, - აცხადებს ტყემალაძე.