აყრიან თუ არა ღაზის 2-მილიონიან მცხოვრებს საკუთარი ტერიტორიიდან?!

აყრიან თუ არა ღაზის 2-მილიონიან მცხოვრებს საკუთარი ტერიტორიიდან?!

ისრაელი ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას აპირებს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში სულ უფრო ხშირია მოწოდებები იმის შესახებ, რომ უნდა გაფართოვდეს უსაფრთხოების ბუფერული ზონა იმ კედლის გასწვრივ, რომელიც ღაზის სექტორს ისრაელისგან ყოფს. ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფო ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას ეწინააღმდეგება. არც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იწონებს ამ აზრს და ამბობს, რომ აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადასახლებას ღაზიდან ან დასავლეთ სანაპიროდან, ასევე, ამერიკა არ დაუშვებს ღაზის ალყას და ღაზის საზღვრების გადახაზვას.

ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას აპროტესტებს ერდოღანიც. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზა პალესტინელებს ეკუთვნით, ამდენად, ღაზაში ბუფერული ზონის შექმნა პალესტინელთა მიმართ უპატივცემულობაა.

რას ნიშნავს ბუფერული ზონის შექმნა ღაზაში და რამდენად მორალური იქნება ღაზის 2-მილიონიანი მოსახლეობის აყრა, თუკი ამ გადაწყვეტილებამდე მივა ისრაელი?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბუფერული ზონის შექმნა ისრაელს იმისთვის სჭირდება, რათა კვლავაც არ მოხდეს დაპირისპირება ებრაულ და არაბულ მოსახლეობას შორის. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსი თვლის, რომ ყველანაირ სამართლებრივ და ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება მოსახლეობის გასახლება ღაზიდან. ამდენად, საეჭვოა, ისრაელი ამაზე სერიოზულად ფიქრობდეს. უბრალოდ, აქ საუბარია „ჰამასის“ განადგურებაზე.

„ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ღაზის მოსახლეობის უმეტესობამ „ჰამასის“ მიმართ ნდობა გამოხატა და არჩევნებში მას მხარი დაუჭირა, „ჰამასი“ მმართველი ძალა იყო ღაზის სექტორში, ხოლო იორდანეს დასავლეთ სანაპიროს პალესტინის ადმინისტრაცია აკონტროლებდა. „ჰამასის“ ქმედების გამო პალესტინელი ხალხი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველა ვხედავთ, რომ ისრაელი შეტევის დროს მოუწოდებს პალესტინის მოსახლეობას, დატოვოს ღაზის სექტორი, მაგრამ აქ საუბარი არაა, რომ პალესტინელებმა მთლიანად დატოვონ ტერიტორია. მოსახლეობამ დროებით უნდა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს. ხალხის აყრა და გასახლება მიუღებელია, იმედია, ეს არ მოხდება, თვითონ ისრაელის სახელმწიფო დემოკრატიულია და არა მგონია, დაუშვას ღაზის მოსახლეობის აყრა“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

ანალიტიკოსის განმარტებით, ცხადია, კითხვები ჩნდება ისრაელის ქმედების მიმართ, ხომ არ არის მათი სამხედრო მოქმედება გადაჭარბებული, მაგრამ როცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, სამწუხარო რეალობაა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება. ნიკა ჩიტაძის თქმით, თვითონ „ჰამასი“ იყენებს პალესტინის მოსახლეობას ფარად. თუნდაც იგივე იარაღის საცავები „ჰამასის“ მებრძოლებმა საავადმყოფოს, სამშობიაროს ქვეშ გვირაბებში მოაწყეს, რაც წარმოუდგენელი უზნეობაა.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სამწუხარო რეალობა ასეთია, როგორი დემოკრატიული სახელმწიფოც არ უნდა იყოს, საბრძოლო მოქმედებების დროს მაინც ზარალდება სამოქალაქო მოსახლეობა, უბრალოდ, აქ მასშტაბებზეა საუბარი. რუსეთი რომ აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს ჩეჩნეთში, 200 ათასი ადამიანი დაიღუპა. ხოლო ნატო როცა აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, კოსოვოს კონფლიქტის დროს, დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაიღუპა, ანუ გაცილებით მცირე რაოდენობით, თუმცა ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა.

„არ გამოვრიცხავ, მართალი იყოს მაკრონი, რომელიც ამბობს, რომ ისრაელ-პალესტინის ომი შეიძლება ათი წელი გაგრძელდეს. შესაძლოა, უშუალოდ ღაზის სექტორზე ისრაელმა დაამყაროს კონტროლი, როგორც ეს მოხდა 67 წელს, მაგრამ საბოლოო მშვიდობა მაინც არ დამყარდა, რადგან თვითონ „ჰამასს“ დასაყრდენი აქვს ღაზის მოსახლეობის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასი“ არ გამოხატავს მთელი ღაზის მოსახლეობის პოზიციას. დიდი ალბათობით, ისრაელს ახლაც შეუძლია ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყაროს, მაგრამ პალესტინის მოსახლეობის ინტეგრაცია მეტად რთული იქნება. რეალობა ისაა, რომ ღაზის სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი გადადიოდა ისრაელის ტერიტორიაზე და მუშაობდა, რადგან სამუშაო ძირითადად იყო სწორედ ისრაელის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ისრაელი აწვდიდა წყალს, ელექტროენერგიას ღაზის სექტორს. ჯერჯერობით ღაზა ითვლება ისრაელის დე ფაქტო ტერიტორიად, რადგან მთლიანად პალესტინა არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“,-აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, ღაზის სექტორიდან პალესტინელების გასახლება რეალური იყოს. პოლიტოლოგის აზრით, ისრაელი უკვე იმ დონეზე ჩაერთო ღაზაში საომარ მოქმედებაში, რომ ეს ომი ბოლომდე თუ არ მიიყვანა და ეს სექტორი „ჰამასის“ მებრძოლებისგან (და არა პოლიტიკოსებისგან) არ გაწმინდა, ებრაელები ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდებიან, რადგან „ჰამასის“ დარჩენილი წევრები ისევ და ისევ დივერსიული აქტების განხორციელებას დაიწყებენ.

„ადამიანურ რესურსებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ზარალი უზარმაზარია. ვხედავთ აფეთქებულ შენობებს, დანგრეულ გზებს, საავადმყოფოებს. ისრაელი როგორც ამბობს, ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია დაამარცხოს. ღაზაში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამდენად, წარმოუდგენელია, რომ ღაზის სექტორიდან 2 მილიონამდე კაცი გადაასახლონ. ამდენი ადამიანის გასახლება ვის და როგორ წარმოუდგენია?! თუნდაც ერდოღანს ეს წარმოუდგენია, როცა ამბობს, რომ ღაზაში ბუფერული ზონის შექმნა პალესტინელების უპატივცემულობაა?! არა მგონია, ისრაელს ეს მიზანი ჰქონდეს. საბოლოოდ ისრაელი იძულებული გახდება, დათანხმდეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორის ტერორისტებისგან გაწმენდაზე უარს არ იტყვის, რათა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც სიმშვიდემ დაისადგუროს ისრაელში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბრისას.

trampi კი არ აყრიან,..... უბრალოდ დემოკრატიულად შემოეხოცებათ--დახოცავენ
11 თვის უკან
trampi აი ვინც დარჩებიან და დაიზრდებიან, ქალიან კაციანად, ისინი ყველა დედას უტირებს ებრაელებს---- სადაც მიწვდებიან ებრაელებს იქ მიქინძავენ
მუსულმანებისთვის სამშობლოსათის სიკვდილი სამოთხეში მოხვედრააა
ირან ერაყის ომის დროს .დანაღმული ტერიტორიების გაწმენდის მიზნით .წინ პატარა ბავშვებს უშვებდნენ, თან სიმბოლურად ყელზე ე.წ. სამოთხის
გასაღებებს კიდებდნენ, რო ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში პირდაპირ სამოთხეში შესულიყვნენ
ჰოოდა ებრაელებმა დიდი ქაქი ჭამეს ამ ომით
11 თვის უკან