საზღვარზე ხელბარგით შემოსვლაც კი იკრძალება

საზღვარზე ხელბარგით შემოსვლაც კი იკრძალება

[თეონა ხარაბაძე]

საზღვარგარეთ წასვლისას პირადი ბარგი ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. მაგრამ ამ ბარგიდან რა იქნება პირადი ნივთი და არა არა, ეს უკვე მებაჟის ხასიათზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო და საბაჟო რეგულირების კიდევ უფრო გამკაცრებას კონტრაბანდასთან ბრძოლით ხსნის. ეს მიზეზი კი ექსპერტებისთვის არადამაჯერებელია და მიაჩნიათ, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება მრავალ გაუგებრობას გამოიწვევს. რაც მთავარია, მცირე მოვაჭრეები მინიმალურ შემოსავალსაც დაკარგავენ და კიდევ უფრო გაძვირდება შემოტანილი პროდუქცია.

ამ ყველაფერს კი ხელისუფლების ის გადაწყვეტილება იწვევს, რომლის თანახმად ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით და სამგზავრო ავტოტრანსპორტით შემოტანა იკრძალება. სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ „ტრაილერების“ საშუალებით. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განცხადებით, თურმე მებაჟე გადაწყვეტს უცხოეთიდან დაბრუნებულ პირს საქონელი გასაყიდად შემოაქვს, საჩუქრად თუ პირადი მოხმარებისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ ახალი ეკონომიკური კურსის ფარგლებში მიიღო.

„სამინისტროს ერთ-ერთიპრიორიტეტული მიმართულება ბიზნესისთვის სწორედ ასეთი ტიპის ადმინისტრირების შეთავაზებაა“, - განაცხადა კემულარიამ.

მისი თქმით, ეს არის სამართლიანი ადმინისტრაცია, რომელიც ბიზნესს არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან დაიცავს. იგი მიიჩნევს, რომ ამიერიდან ყველა გადამხდელი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

„ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრების და ერთჯერადი ღონისძიებების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ გადაწყვეტს, პროდუქცია განკუთვნილია თუ არა ეკონომიკური საქმიანობისთვის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, საბაჟო პროცედურების გავლას მებაჟე უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მებაჟის პრეროგატივა იქნება, ჩაითვალოს თუ არა ამა თუ იმ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონელს ვაჭრობისთვის განკუთვნილ პროდუქციად“, - განმარტა კემულარიამ.

ექსპერტები კი ამ გადაწყვეტილებაში რამდენიმე პრობლემას ხედავენ. პირველ რიგში, საინტერესოა თუ როგორ მოხდება იმის გარჩევა, შემოტანილი ბარგი პირადია თუ რეალიზაციის მიზნით შემოდის.

სამინისტროს გადაწყვეტილებით ამას მებაჟე პირადი შეხედულებით დაადგენს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ცხაკაიას განცხადებით, მებაჟისთვის მარტივია განსაზღვროს რომელი საქონელია განსაბაჟებელი და რომელი –არა. მისი თქმით, მოვაჭრეები გადასახადის გადამხდელად არიან დარეგისტრირებულნი და ამასთან, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი პირადი მოხმარებისთვის არავის შემოაქვს.

ეს განმარტება კი ექსპერტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„საზღვარზე ერთმანეთისგან როგორ გავარჩიოთ პირადი მოხმარებისა და სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი. შესაძლოა, მებაჟის სუბიექტური მიდგომებიდან გამომდინარე, ადამიანს პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი საქონელი, ან ჩამოართვან, ან უარი უთხრან მის შემოტანაზე, ვინაიდან მებაჟემ ეს ასე ჩათვალა. ამასთან, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ძალიან მარტივად შეიძლება, რომ სწორედ პირადი მოხმარებისთვის შემოიტანო. მაგალითად, თუ ჩამოგაქავს ოჯახის რამდენიმე წევრისთვის. ამას შეიძლება საჩუქრად ჩამოტანილიც დაემატოს და საერთო ჯამში როგორ გავარკვიოთ, რისთვის ჩამოაქვს?

ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მებაჟეს გაცილებით დიდი უფლებები აქვს, ვიდრე რიგით მოქალაქეს, რომელიც გადასახდელის გადამხდელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გარკვეული უხერხული მომენტები ნამდვილად იქნება“, - აცხადებს ექსპერტი დავით ნარმანია.

მეორე პრობლემად კი ის სახელდება, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩება. ამასთან, გაძვირდება ის პროდუქცია, რომელიც ახალი წესებით შემოვა, რადგანაც გაძვირდება ამ საქონლის ტრანსპორტირება. ამას კი ის ფაქტორიც დაემატება, რომ შემცირდება შემომტანთა რაოდენობა, რადგან ძალიან ბევრი „ტრაილერებით“ შემოტანას ვერ მოახერხებს.

„რა თქმა უნდა, ეს პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან დღეს საქართველოში გარკვეული კატეგორიის საქონელი ხელით შემოდის, რომელიც შემდეგ საცალო ვაჭრობაში ხვდება. რაც მთავარია, ამ ტიპის ღონისძიებებს, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ადამიანები მიმართავენ, ან შედარებით ღარიბი ფენა და გამოდის, რომ მათ ეს სამუშაოც უნდა დაკარგონ. ამის გამო, გაძვირდება ის საქონელი, რაც საბოლოოდ ტრაილერებით შემოვა“, - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება კონტრაბანდასთან ბრძოლის არგუმენტს, ნარმანია მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი, უბრალოდ, არადამაჯერებელია.

„ეს არ არის კონტრაბანდასთან ბრძოლის ერთადერთი გზა. კანონმდებლობით უნდა გაიმიჯნოს პირადი მოხმარებისთვის შემტანილი საქონელი და სარეალიზაციოდ შემტანილი საქონელი, რომელიც დაიბეგრება და ხელით შემოტანილი სარელიზაციო საქონელიც ამ დაბეგვრას დაექვემდებარება“, - აცხადებს ნარმანია.

ხადურის თქმით კი, დღეისთვის საქართველოში კონტრაბანდა თითქმის არ არსებობს, მითუმეტეს - იმ მასშტაბით, რომ მან ქვეყნის ბიუჯეტს პრობლემა შეუქმნას. „კონტრაბანდა ათი წლის წინ იყო, ახლა კი ფინანსთა სამინისტროს ისეთი ტექნიკური საშუალებები გააჩნია, რომ საბაჟოზე არალეგალური გზით საქონლის გადმოტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - აცხადებს ხადური.

ამასთან იგი ყურადღება იმაზეც ამახვილებს, რომ ხელისუფლება მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებს საზოგადოებას მხოლოდ ერთი დღით ადრე აცნობს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მსგავს სიახლეებს საზოგადოებას წინა დღით აცნობს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად, თურქეთში არიან გადასული და ხვალ ბრუნდებიან?! მათ საზღვარზე უკვე ახალი კანონი დახვდებათ და საქონლის სატვირთო მანქანებში გადატვირთვა მოუწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნულის გამო, მოვაჭრეები საქონელზე ფასს გაზრდიან“, - აცხადებს ხადური.