კორუფციული, ტურისტული და ინფლაციური სამკუთხედი

კორუფციული, ტურისტული და ინფლაციური სამკუთხედი

[ეკა ბაქრაძე]

ეკონომიკის ექსპერტებმა ინფლაციას და მთავრობას ამჯერად, ერთობლივი ძალებით შეუტიეს. სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ეკონომიკის ექსპერტების დისკუსიის დროს ისეთი მოსაზრებებიც გაჟღერდა, რასაც აქამდე ყურადღება არ ექცეოდა. მაგალითად, ის, რომ ტურიზმი ინფლაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშეწყობი მიმართულებაა.

ეკონომიკის ექსპერტის, ნოდარ ხადურის შესაფებით, ინფლაციასთან დაკავშირებით სიტუაცია, შესაძლოა, კონტროლიდან გამოვიდეს. ინფლაციამ ქვეყანაში 11 პროცენტს გადააჭარბა, სურსათის ფასები 22-23 პროცენტით გაიზარდა, უმუშევრობის მაჩვენებელი 17 პროცენტს გაუტოლდა.

„ინფლაციასთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ რთულია და შესაძლებელია კონტროლიდან გამოვიდეს. ამიტომ სასწრაფო ღონისძიებებია ჩასატარებელი. ინფლაციას აქვს ორი მიზეზი - საგარეო, ანუ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა და საშინაო - დეფიციტური ბიუჯეტი და გაცვლითი კურსის შეცვლა.

მაგალითისთვის: ერთდოლარიანი საქონელი საერთაშორისო ბაზარზე რომც არ გაძვირებულიყო, საქართველოში გაცვლითი კურსის შეცვლით, ის 15 თეთრით მაინც გაძვირდებოდა“, - განაცხადა ხადურმა.

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავას აზრით, საქართველოს მთავრობას ქვეყანაში ანტიინფლაციური პროგრამის შესაქმენლად საკმარისი გამოცდილება არ აქვს. მისი აზრით, ეროვნული ბანკი და მთავრობა სხვადასხვა სიბრტყეში მუშაობენ.

„ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში ინფლაციაა, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის დავალების მიუხედავად, მთავრობას ამ ხნის მანძილზე ანტიინფლაციურო პროგრამა არ წარმოუდგენია. რაც მთავრობის მიერ დღესაა მომზადებული, ძირითადად, სურვილების დოკუმენტია და ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მთავრობას პრობლემის დასაძლევად საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია. მეტიც, ეროვნული ბანკი და მთავრობა სხვადასხვა სიბრტყეში მუშაობენ“, - განაცხადა პაპავამ.

ამასთან, მისივე თქმით, „რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დღეისათვის ტურიზმის განვითარებაც ინფლაციის ხელშემწყობია“.

„ეს არის მოთხოვნის გზით გამოწვეული ინფლაცია. ტურისტი საქართველოში უცხოური ვალუტით ჩამოდის. ჩნდება მოთხოვნა ლარზე, ლარის გაყიდვით კი ისევ ინფლაციას ეწყობა ხელი. ვფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად შესაცვლელია“, - აღნიშნა პაპავამ.

„ქვეყანაში ტურისტების ჩამოსვლით საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა იმპორტზეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს სასურსათო კალათაში იმპორტი შეადგენს 80%-ს და მსოფლიო ბაზარზე სურსათი მუდმივად ძვირდება, საქართველოშიც თავისთავად უკვე გაძვირებული საკვები პროდუქტები შემოდის. შესაბამისად, ტურიზმის განვითარება ქვეყანაში არის ინფლაციის ხელშემწყობი“, - განაცხადა პაპავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის ექსპერტები საქართველოში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს ელიტარულ კორუფციას და ქვეყანაში მონოპოლიების არსებობას უკავშირებენ. ისინი გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმოებაში ხედავენ. 

ეკონომიკის ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, საქართველოში ინფლაციის გამომწვევი სუბიექტური მიზეზები საკმაოდ სოლიდურია.

„ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, რომ ეს პროცესი არ იყოს ძალიან მტკივნეული. ინფლაციის გამომწვევი სუბიექტური მიზეზები არის ის, რომ საქართველოში წამალი გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

მისი აზრით, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის მონოპოლიები.

„მონოპოლიები ჩნდება იქიდან, რომ ერთი კომპანია უფრო მეტად აკმაყოფილებს ელიტალურ მადას, ვიდრე მეორე კომპანია“, - აღნიშნა ექსპერტმა.