მეტეორიტული წვიმა, რომელიც დედამიწას, 3,9 მილიარდი წლის წინათ – არქაულ პერიოდში, დაატყდა თავს იქცა ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების წარმოშობის წყარო დედამიწის ქერქში, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა.
სწავლულთა კოლექტივმა, მატიას უილბოლდის ხელმძღვანელობით, უპოვა ახალი ახსნა იმ ფაქტს, რომ ძვირფასი ლითონების ადგილსამყოფელი, უმრავლეს შემთხვევაში განლაგებულია დედამიწის ზედა ფენაში, და არა ღრმად დედამიწის ზედაპირიდან.
„სამუშაო აჩვენებს, რომ დიდი რაოდენობა იმ ლითონებისა, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მსოფლიოს მრეწველობასა და ეკონომიკაში, ჩვენს პლანეტაზე იმ ბედნიერი შემთხვევის გამო აღმოჩნდა, როცა დედამიწა დაეჯახა და ჩაყლაპა დაახლოებით 20 ექსატონა ასტეროიდი,” – განაცხადა უილბოლდმა.
ითვლება, რომ დედამიწის ფორმირების დროს, „მძიმე” ელემენტები – რკინა, პლატინა, ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები – „ჩაიძირნენ” პლანეტის მანტიაში და წარმოიქმნა მყარი ლითონის ბირთვი. მეორეს მხრივ, დედამიწის ქერქსა და მანტიის ზედა ფენებში ეს ელემენტები მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე პლანეტის ჩამოყალიბების თეორია წინასწარმეტყველებს. მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან ამას იმით ხსნიან, რომ მსხვილმა ასტეროიდებმა, რომლებიც დედამიწის ზედაპირს უკვე ბირთვის ფორმირების შემდეგ, ეჯახებოდნენ ქერქის ზედაპირს, მანტიაზე დატოვეს ოქროსა და სხვა მძიმე ლითონების „ნადები“.
საკუთარი ჰიპოთეზის შესამოწმებლად, სწავლულებმა გააანალიზეს უძველესი ქანების ნიმუშები, რომლებიც გრენლანდიაში, კუნძულ ისუაზე იპოვეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე „ასაკოვანი“ ქვებია დედამიწაზე. ნიმუშები შეადარეს უფრო ახალგაზრდა ქანებს, რომლებიც ჰავაის კუნძულებზე აღმოჩნდა.
სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ მთის ქანების უძველესი ნიმუშები შეიცავენ 13 პროცენტით მეტ ვოლფრამ – 182-ს, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ქანები. ეს ამტკიცებს მათ „დედამიწურ” წარმოშობას. როგორც გეოლოგები ვარაუდობენ, თანამედროვე ქანები ჩამოყალიბდა მეტეორიტული წვიმის საშუალებით – ქონდრიტებმა ვოლფრამ – 182-ის მცირე შემცველობით „განაზავა” ახალგაზრდა დედამიწის მანტია. გარდა ვოლფრამ – 182-ისა, ამ ასტეროიდებმა დედამიწა ოქროსა და სხვა ძვირფასი საბადოებით „მოფინეს“.