გატი:

გატი: "ნაპოლისთან" ფავორიტები არ ვართ, ოსიმენი და კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელები არიან"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ნაპოლისთან“ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვე“ ფავორიტი არ არის, რადგან „ნაპოლის“ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

„არა, ფავორიტები არ ვართ. „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, მოქმედი ჩემპიონია და თანაბარი თამაში იქნება. მათ ისეთი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც, ოსიმენი, კვარაცხელია, ჟელინსკი და სხვები არიან, ძალიან კარგი მოთამაშეები. შესანიშნავი, მაგრამ მძიმე მატჩი იქნება“, - თქვა გატიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 8 დეკემბერს, ტურინში გაიმართება. „იუვენტუსი“ 33 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ნაპოლი“ 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს.