რობერტ დაუნი უმცროსს მარველის სამყაროში ვეღარ ვიხილავთ. მსახიობი მარველის ფილმებში რკინის კაცის როლს ასრულებდა, თუმცა პერსონაჟი 2019 წელს Avengers: Endgame-ში მოკვდა. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრების ნაწილი იმედს არ კარგავდა, რომ შემქმნელები მისი დაბრუნების გზას იპოვიდნენ, რაც ასე არ აღმოჩნდა.
ამის შესახებ მარველის სტუდიის უფროსმა, კევინ ფეიგმა განაცხადა. მისი თქმით, ისტორია დიდხანს ვითარდებოდა იმისათვის, რომ რკინის კაცის სიკვდილის მომენტამდე მისულიყვნენ და არ აპირებენ, რომ ეს დასასრული რამენაირად შეცვალონ.
Avengers: Endgame-ის რეჟისორებმა, ენტონი და ჯო რუსოებმა, აღნიშნეს, რომ დაუნი უმცროსი, მას შემდეგ, რაც მან როლზე მუშაობა ოფიციალურად დაამთავრა, ყოყმანობდა, როცა ერთი კადრი ხელახლა გადაღება სთხოვეს.
"როცა ფილმს ვიღებდით, რობერტს დავპირდით, რომ ამ როლს ბოლოჯერ შეასრულებდა. როდესაც იმ ერთი კადრის გადასაღებად დაბრუნდა, გადასაღები მოედანი ზუსტად იმ ადგილის პირისპირ იყო, სადაც პირველად ტონი სტარკის როლზე დაამტკიცეს, შესაბამისად, მან რკინის კაცის როლის შესრულება იქიდან სულ რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით დაასრულა, საიდანაც დაიწყო", — აღნიშნავენ რეჟისორები.
ფანებმა საყვარელი პერსონაჟის სიკვდილი არც ისე მარტივად გადაიტანეს. მათმა ნაწილმა ფულიც კი შეაგროვა და ლოს-ანჯელესში აღმართული ბილბორდით მარველის კინოსტუდიას ტონი სტარკის გაცოცხლებას სთხოვდნენ, თუმცა თავად მსახიობი დაბრუნებას არ გეგმავდა.
"ყველაფერი გავაკეთე, რაც ამ როლის შესრულებისას შემეძლო, რომ გამეკეთებინა. ახლა დროა, სხვა საქმეებსაც მივხედო. როცა შუახნის ასაკში ხარ, ხშირად იყურები წარსულში და აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი მოგზაურობის ერთი ნაწილი იყო, რომელიც დასრულდა. იღბლიანი და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ აქამდე მოვედი", — განაცხადა რობერტ დაუნ უმცროსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.