გახსოვთ, ალბათ, ბატონ თემურ ჩირგაძის მიერ განსახიერებული ვაჟა ზაზაევიჩის დაუვიწყარი როლი სურათში “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”. ბატონ თემურს კინორეჟისორი ელდარ შენგელაია შემდეგნაირად იხსენებს.
„თემიკოსთან მუშაობა ძალიან მეადვილებოდა. თუ მარტო იყო, იმ ეპიზოდის მხოლოდ ორ-სამ დუბლს ვიღებდით. დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა იმის ასახსნელად, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ერთი სიტყვა საკმარისი იყო, რომ რაც მინდოდა, ყველაფერი ზუსტად შეესრულებინა. არ იფიქროთ, ვაჟა ზაზაევიჩის როლი იმიტომ შეასრულა ასე კარგად, რომ მის ხასიათს პასუხობდა. პირიქით, ვაჟა ზაზაევიჩი არაფრით ჰგავდა თემიკოს.
თემიკო საოცრად თბილი, გულღია ადამიანი იყო, რომელსაც დიდი უნარი ჰქონდა, რომ სხვისი დარდი თუ სიხარული გაეზიარებინა. სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, რომ როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, თემიკო არ დააჯილდოვეს. თავად საყვედური არასოდეს უთქვამს. პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთი ფილმი კიდევ გადაიღე ჩემი მონაწილეობით და ახლა ლენინის პრემიას მიიღებო.
ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც თემიკო იყო, იშვიათად შევხვედრივარ. იგი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლის ამქვეყნად წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულა”.