ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ქართველი აღარ არის ისეთი გადამწყვეტი ფეხბურთელი, როგორიც იყო:
„კვარაცხელია ვეღარ ახერხებს თამაშების ბედის გადაწყვეტას, აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადრე. ვფიქრობ, რომ მცველები, განსაკუთრებით იტალიელები, იმდენად სწავლობენ მეტოქეებს, რომ ყველაფერს ხვდებიან. ის ყოველთვის ერთნაირ სტილში თამაშობს. მართალია, რობენიც ასე იყო და ვერ აჩერებდნენ, მაგრამ ახლა ფეხბურთი შეიცვალა“, - თქვა კარესამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.