საახალწლო ფილმში მარტო სახლში კევინის როლის შემსრულებელ მსახიობ მაკოლეი კალკინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, რასაც ფილმში მისი დედის როლის შემსრულებელი, კეტრინ ო'ჰარაც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.
"მარტო სახლში იყო, არის და ყოველთვის იქნება გლობალური მოვლენა, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა. იმის მიზეზი, რომ ოჯახები წელსაც არ ტოვებენ მარტო სახლშის ნახვის გარეშე, მაკოლეი კალკინია.
მაკოლეი, შენ ნამდვილად იმსახურებ ვარსკვლავს და მადლობას გიხდი, რომ ამ ბედნიერი დღის ნაწილად მეც მაქციე, დედაშენი, რომელმაც სახლში მარტო ერთხელ კი არა, ორჯერ დაგტოვა. შენით ძალიან ვამაყობ", — თქვა ო'ჰარამ.
ცერემონიას კალკინის საცოლე, ბრენდა სონგი და მათი შვილებიც დაესწრნენ. მაკოლაიმ დამსწრეებს თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა, სიტყვა კი მარტო სახლშის ფილმიდან ცნობილი ფრაზით დაასრულა: "შობას გილოცავთ, ბინძურო ცხოველებო".
მაკოლეი კალკინმა სცენაზე თამაში 4 წლის ასაკში დაიწყო. Home Alone II: Lost in New York-ში შესრულებული როლისთვის მსახიობს ოქროს გლობუსის ნომინაცია აქვს მიღებული. ცოტა ხნის წინ ის სერიალ American Horror Story-სა და The Righteous Gemstones-ში გამოჩნდა.