უბერებელი ვარსკვლავების სილამაზის საიდუმლო

უბერებელი ვარსკვლავების სილამაზის საიდუმლო

ბევრი ვარსკვლავი ვერ დაიკვეხნის, რომ ახალგაზრდობაში ნამდვილი მზეთუნახავი იყო. ქვემოთ ჩამოთვლილი ქალები ახლა გაცილებით ლამაზები, საინტერესოები და მიმზიდველები არიან, ვიდრე ახალგაზრდობის წლებში.

ჯენიფერ ლოპესი – 44 წლის

იყო დრო, როლესაც ჯენიფერ ლოპესი მეტროთი დადიოდა რეპეტიციებზე. ოცნებობდა, ვინმე კარგი მომღერლის შოუში რიგითი მოცეკვავე ყოფილიყო. პერიოდულად თავის გატაცებასაც არ ივიწყებდა და სიმღერებს წერდა. ყველაზე ნაკლები დრო თავის მოვლისათვის რჩებოდა. ახალგაზრდობაში ის ხმარობდა ისეთ მაკიაჟს, რომელიც ასაკსაც მატებდა და ვულგარულ იერსაც სძენდა. ახლა კი მას წელიწადის ნებიმიერ დროს ოქროსფერი რუჯი აქვს, ყველაზე მოდური ვარცხნილობა, საინტერესო მაკიაჟი, საუკეთესო დიზაინერის სამოსი და შოუბიზნესის ქალღმერთის ტიტულიც მზად არის. ახლა მას მოცეკვავეების 15 კაციანი ჯგუფი ჰყავს. ჯენიფერმა დროს და ცხოვრებას გაუსწრო და აჯობა.

ვიქტორია ბექჰემი – 39 წლის

ის აღიარებს, რომ არასოდეს მოსწონდა საკუთარი თავი არც ახალგაზრდობაში და არც ახლა. თუმცა ეს შინაგანი კომპლექსი მას თვითგანადგურებისკენ კი არა, პირიქით, უკეთესად წარმოჩენის საშუალებას აძლევს. სანამ ვიქტორია დღევანდელ, გაწონასწორებული ლედის იმიჯს მოირგებდა, ბევრი რამ გამოიარა – მკერდი ჯერ გაიდიდა, შემდეგ დაიპატარავა, თმა იმდენჯერ დაიგრძელა, რომ ბოლოს ნატურალურიც გასცვივდა. გარეგნობაზე უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ ვიქტორია მიხვდა, რომ საკუთარ თავთან ჰარმონია ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. ახლა მის გარდერობში გამომწვევი და ვულგარული ტანსაცმელი არ არის, აღარც კაშკაშა თმა და მკაფიო მაკიაჟი აქვს. ცნობილი სპორტსმენის ცოლს, ოთხი შვილის დედას და წარმატებულ დიზაინერს ახლა საკუთარი თავი ყველაზე მეტად უნდა მოსწონდეს, თუმცა ის ჯერ კმაყოფილი მაინც არ არის.

კეიტ უინსლეტი – 38 წლის

ცოტა ხნის წინ 3 დე ფორმატში გადაღებული "ტიტანიკის" პრემიერაზე კეიტ უინსლეტი ისეთი მომხიბვლელი იყო, რომ აშკარად ჯობდა თავის 15 წლის წინანდელ ანალოგს, რომელიც "ტიტანიკში" თამაშობს. 15 წლის წინ წითელ ხალიჩაზე ის ასეთი ვარსკვლავური და გლამურული სულაც არ იყო.

უცნაურია ცხოვრება, 15 წლის წინ ლეონარდო დიკაპრიო გამხდარი იყო, მე – სრული. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა", – ამბობს კეიტი.

მართლაც, ახლა კეიტი ბევრად გამხდარია, მაგრამ თავისი ქალურობა მაინც შეინარჩუნა. როგორც ჩანს, „ლანკომთან" თანამშრომლობა მას დიდად წაადგა, თუმცა თვითონ ამბობს, რომ მის სილამაზეში კოსმეტიკას ყველაზე ნაკლები ადგილი უკავია.

„როდესაც ქალი სიყვარულის ობიექტია და მამაკაცის ყურადღებითაა განებივრებული, ის იფურჩქნება", – არ მალავს კეიტი.