ევროლიგის მე-11 ტურში „ვირტუსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 76:90 წააგო.
იტალიურმა გუნდმა პირველი პერიოდი დამაჯერებლად, 8 ქულით მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ მიუნხენელებმა მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცეს და საბოლოოდ, ძალიან დამაჯერებლად მოიგეს.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 34 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. მან 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი „ბაიერნის“ წევრი სერჟ იბაკა იყო 24 ქულით და 13 მოხსნით, ხოლო „ვირტუსში“ შენგელიას გარდა, მარკო ბელინელი გამოირჩა 22 ქულით.
„ვირტუს ბოლონია“ 7 გამარჯვებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.