The Devil Wears Prada-ს გამოსვლიდან 17 წელი გავიდა, თუმცა ფილმი და მისი პერსონაჟები აქტუალობას დღემდე არ კარგავენ. ახლახან მიცემულ ინტერვიუში ემილი ბლანტმა, რომელიც The Devil Wears Prada-ში მერილ სტრიპის პერსონაჟის ასისტენტის როლს თამაშობს, ფილმის გადაღებების შესახებ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ფილმში მონაწილეობით მოდის ინდუსტრიის შესახებ ბევრი ახალი რამ გაიგო.
"მოდის ინდუსტრიის შესახებ იმდენი მართლაც არ ვიცოდი, რამდენსაც The Devil Wears Prada-ში ვხედავთ. სანამ ამ ფილმში ვითამაშებდი, თინეიჯერი ბიჭივით მეცვა, შემდეგ კი ბევრი რამ ვისწავლე. ამ როლის თამაში მოგზაურობასა და ბევრი რამის აღმოჩენას ჰგავდა არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიაზე, არამედ სტილსა და ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე", — ამბობს ემილი ბლანტი.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, მოდის შესახებ როგორც გადასაღებ მოედანზე ყოფნისას, ასევე The Devil Wears Prada-ს პერსონაჟის ფრაზებიდანაც ბევრი რამ ისწავლა. ასევე, ემილის ბლანტის თქმით, ფილმის სიუჟეტი მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულმა მეგობრებმაც შეუქეს, რადგან მათი აზრით, რეალობას ზუსტად გადმოსცემდა.
შეგახსენებთ, რომ The Devil Wears Prada ტელეეკრანებზე 2006 წელს გამოვიდა და მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მოდის შესახებ შექმნილ კომედიურ ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟს — მირანდა პრისლის მერილ სტრიპი განასახიერებს, ხოლო ენ ჰეთუეიმ ახალგაზრდა ჟურნალისტისა და ასისტენტის, ენდი საქსის, როლი შეასრულა.