ნატო ევროპაში ჯარების ლოჯისტიკის გამარტივებას ითხოვს და „სამხედრო შენგენის“ შექმნას აპირებს. ამ მიზნით ნატო წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ბიუროკრატიული ზომები აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპის მასშტაბით და ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეფერხება რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.
„ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ მშვიდობიან პერიოდში, მზად არ იქნება კრიზისის ან ომის შემთხვევაში“, - ამბობს ნატოს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის ხელმძღვანელი. ამიტომ მოითხოვს ერთგვარი „სამხედრო შენგენის“ შექმნას, ანუ სამხედრო ტექნიკის თავისუფალი გავლის ზონის ამოქმედებას. მისივე თქმით, ალიანსმა სწრაფად უნდა გადაიყვანოს ჯარები თავისი ბაზებიდან აღმოსავლეთ ფლანგზე სასურველ პუნქტში.
„ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე ნატოს კოლექტიური თავდაცვის ქარტიის მე-5 მუხლის გამოყენებამდე“, - მიიჩნევს გენერალი.
პირველად, ევროპაში „სამხედრო შენგენის“ შემოღების წინადადებით ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი გამოვიდა. 2017 წელს მისი პოზიცია ასეთი იყო, რომ ალიანსის ძალებს უნდა შეეძლოთ უფრო სწრაფად გადაადგილება, ვიდრე რუსეთის ფედერაციის ძალებს, თუკი გვინდა, რომ ჩვენი შეკავება ეფექტური იყოს. 2018 წელს ევროკომისიამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა ევროპაში „სამხედრო შენგენის“ დანერგვისათვის. იმ პერიოდში „სამხედრო შენგენში“ შედიოდნენ ლატვა, ლიეტუვა, ესტონეთი ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და ფინეთი.
რამდენად ეფექტური იქნება „სამხედრო შენგენის“ შექმნა რუსეთის შეკავების თვალსაზრისით?
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სამხედრო შენგენის შექმნა ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები უნდა მოიხსნას, რათა ნატოს ერთი ქვეყნის ჯარები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდეს. კახა გოგოლაშვილის თქმით, როგორც შენგენის ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ არსებობს გადაადგილების მხრივ რაიმე პრობლემა და მათ არ სჭირდებათ რაიმე საბუთი და ნებართვა, ისე უნდა მოხდეს სამხედრო შენგენის ფარგლებში ჯარების გადაადგილება. მაგალითისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში დგას ნატოს 25 ქვეყნის კონტინგენტი სხვადასხვა რაოდენობით, ამ ქვეყნების ქვედანაყოფების გადაადგილება თუნდაც ლატვიიდან ლიეტუვაში, ან ლიეტუვიდან პოლონეთში არ უნდა საჭიროებდეს ზედმეტ თანხმობებს ამ ქვეყნების მთავრობების მხრიდან. სწორედ ამას ნიშნავს „სამხედრო შენგენის“ შექმნა.
„სამხედრო შენგენის“ შექმნის შემთხვევაში, ნატოს წევრი ქვეყნები უფრო ეფექტურად დაიცავენ თავს რუსეთის შეჭრისას. წარმოვიდგინოთ, რაღაც ინცინდენტი მოხდა ლატვიაში, ვთქვათ, რუსეთის ჯარი შეიჭრა ამ ქვეყანაში, ამ დროს ლიეტუვასა და პოლონეთში განლაგებული ამერიკული შენაერთები უნდა ელოდნენ ამ მთავრობების მიერ გაცემულ ნებართვას, რომ გადაადგილდნენ და დროულად უპასუხონ ამ შეტევას. ეს დროის დაკარგვაა, რეალურად, ამ ტერიტორიაზე განლაგებულ ნატოს ჯარებს ავტომატურად უნდა ჰქონდეთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ნებართვების გარეშე იმოქმედონ“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი და ადასტურებს, რომ „სამხედრო შენგენის“ შექმნის საჭიროება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე ისევ დადგა დღის წესრიგში.
ანალიტიკოსის სიტყვით, ევროპაში ყოველთვის ემზადებიან ომისთვის, როდესაც ხედავენ, რომ რუსეთი ასე დაუნდობლად ექცევა მეზობელ სახელმწიფოებს, აქედან გამომდინარე, ევროპელებს სჭირდებათ ომისთვის მზადება. მათ სჭირდებათ ის, რომ მაქსიმალურად ეფექტური გახადონ თავდაცვა და ყველანაირი ბარიერი მოხსნან თავდაცვითი მოქმედებისთვის, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ახლა უკრაინასთან ომშია ჩართული, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ პუტინის რუსეთისგან მაინც ყველაფერია მოსალოდნელია, ამიტომ ევროპელები ფრთხილობენ და ცდილობენ, წინდახედულად მოიქცნენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნატოში არსებობს ხელშეკრულება შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ. სხვათა შორის, ნატოს წვრთნები რომ ტარდება საქართველოში, ამ წვთვნებისთვის ნატოს შეიარაღებული ძალები ვიზების გარეშე შემოდიან და ყველგან უვიზოდ გადაადგილდებიან. როგორც ჩანს, ნატოს წევრი ქვეყნები ამ ხელშეკრულების განვრცობას აპირებენ მრავალმხრივ დონეზე.
„აღნიშნული ხელშეკრულება უნდა ამოქმედდეს მრავალმხრივ დონეზე. ეს გაამარტივებს ნატოს ალიანსის ძალების მობილიზაციას, მათ გადაადგილებას ევროპის კონტინენტზე, სავარაუდო საომარი მოქმედებების დროს მათ ოპერატიულ დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. საქართველოსაც აქვს ასეთი ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება 2000 წელს პირადად მე და ამერიკელმა პოლკოვნიკმა ლიზონმა ერთად შევიმუშავეთ, ჩემი მეშვეობით შევიდა ეს ინიციატივა პარლამენტში. ამ შეთანხმების საფუძველზე ჩატარდა ნატოს პირველი მრავალეროვნული წვრთვნები საქართველოში 2001 წელს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბარში.