მადრიდის „რეალის" გარემარბმა, ვინისიუსმა, სამბას ოქროს პრიზი (Samba Gold) მიიღო, როგორც 2023 წლის საუკეთესო ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
კენჭისყრაში მეორე ადგილი საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდმა ნეიმარმა დაიკავა, ხოლო მესამეზე „პარი სენ-ჟერმენის“ მცველი მარკინიოსი გავიდა.
ჯილდო 2008 წელს შეიქმნა და მისი პირველი ლაურეატი მადრიდის „რეალის" კიდევ ერთი მოთამაშე, კაკა გახლდათ. 2021 წლამდე „ოქროს სამბა“ ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს გადაეცემოდა. 2021 წლიდან კი პრიზს მთელი მსოფლიოს ბრაზილიელებიდან საუკეთესოს აკუთვნებენ.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი მადრიდის „რეალში" 2018 წელს „ფლამენგოდან" 35 მილიონ ევროდ გადავიდა, ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში., მიმდინარე სეზონში „ვინიმ“ ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.