ევროლიგის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა, რომელიც 87:79 დაამარცხა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, რომელიც იტალიელებმა ორი ქულით მოიგეს, თუმცა გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც ლუკა ბანკის გუნდმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებაც იზეიმა.
თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც „ვირტუსში“ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ფენერბაჰჩეში“ შესანიშნავად ითამაშა ჯონათან მოტლიმ, რომელმაც 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მაგრამ თურქული გუნდი წაგებისგან ამერიკელმა კალათბურთელმა ვერ იხსნა.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 მოგებით და 3 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ნოემბერს, „ბაიერნს“ სტუმრად დაუპირისპირდება.