ბითაძის რეკორდული დრო და იოკიჩის სამმაგი დუბლი:

ბითაძის რეკორდული დრო და იოკიჩის სამმაგი დუბლი: "ორლანდომ" მოქმედი ჩემპიონიც დაამარცხა

NBA-ში შესანიშნავ გამოსვლას აგრძელებს „ორლანდო მეჯიქი“. გოგა ბითაძის გუნდმა „ტორონტო რეპტორსის“ შემდეგ ამჯერად მოქმედ ჩემპიონ „დენვერ ნაგეტსს“ ბოლო წამებზე აჯობა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ერთი გუნდის ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში NBA-ს ბოლო 2 სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი იყო, ხოლო მეორეში გოგა ბითაძე. ჯამალ მოსლის გუნდი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მარცხდებოდა, თუმცა უპირატესობას დასკვნითი პერიოდის ბოლოს მას შემდეგ დაეუფლა, როდესაც ანგარიში 112:113 იყო. „ორლანდო“ სამქულიანით წინ გაიჭრა, თუმცა იოკიჩმა წონასწორობა აღადგინა.

ბანკერომ „მეჯიქი“ სამქულიანით კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ კონტრშეტევაზე იოკიჩმა ორქულიანი ჩააგდო და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა. ამის შემდეგაც „დენვერის“ ყველა ქულა სწორედ სერბის ანგარიშზე იყო, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა.

იოკიჩმა საკუთარ გუნდს 30 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. სერბისთვის ტრიპლ დაბლი სეზონში მეექვსე, კარიერაში კი 111-ე იყო.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებაში ქართვემა კალათბურთელმა საკუთარი წვლილი შეიტანა. ბოლო წუთზე, როცა "დენვერი" ოდნავ ჩამორჩებოდა, ტაქტიკური ჯარიმების აღებაზე გადავიდა – თამაშის ბოლო 14 წამში მოქმედმა ჩემპიონებმა 3 სასროლი ჯარიმა “აიღეს” და სამივე ორლანდოელმა ზუსტად გამოიყენა. მაშ შორის იყო გოგა ბითაძე. დანარჩენი საჯარიმოები კი ჯალენ საგსმა და ვაგნერმა შეასრულეს და საბოლოოდ „ორლანდომ“ 124:119 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბითაძე მოედანზე იმყოფებოდა მატჩის ბოლო წამებამდე და გამარჯვების მოპოვებაში აქტიურად იყო ჩართული. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე ამჯერად პირადსარეკორდო 31:36 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დნ 2 საჯარიმო ჩააგდო, მან 2 პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო +- მაჩვენებელი +2 გამოიმუშავა.

გამოსარჩევია, რომ ქართველს საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა და ეს შედეგი მისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. ამ მაჩვენებელში ის მხოლოდ ერთით ჩამორჩა ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც 13 მოხსნა დააგროვა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო გერმანელი კალათბურთელი ფრანც ვაგნერი იყო. 22 წლის ფორვარდმა 27 ქულა 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 23 ქულა იყო ბანკეროს ანგარიშზე, ხოლო კოულ ენტონიმ 20 ქულა ჩააგდო.

„ორლანდო მეჯიქს“ 10 მოგების წილ 5 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერთა სამეულს ამყარებს. სწორედ ასეთი ბალანსი აქვს „მაიამი ჰიტსა“ და „მილუოკი ბაქსსაც". გოგა და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 24 ნოემბერს „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება "დენვერს", „ნაგეტსი“ ასევე 10 მოგებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამეა და 25 ნოემბერს „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდება.