სვენ გორან ერიქსენი პოლონეთის ნაკრებს ჩაიბარებს

სვენ გორან ერიქსენი პოლონეთის ნაკრებს ჩაიბარებს

დღეს დილით გამოცემამ „Daily Mail” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სვენ გორან ერიქსენი პოლონეთის ნაკრებს ჩაიბარებს.

გუშინ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის თავკაცი ვალდემარ ფორნალიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პან ვალდემარის გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის პირველობის შესარჩევ შეხვედრებში უიღბლოდ იასპარეზა და ჯგუფში მხოლოდ „საპატიო“ მეოთხე ადგილი დაიკავა.

პოლონური ფეხბურთის ხელმძღვანელები 65 წლის სვენ გორან ერიქსენს უკვე დაუკავშირდნენ და მისგან წინასწარი თანხმობაც მიიღეს.

ინგლისის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ამჟამად ჩინეთში მოღვაწეობს და სათავეში კლუბ „გუანჩჟოუს“ უდგას. რამდენიმე თვის წინ შვედი ფეხბურთის სპეციალისტი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მუშაობდა და კლუბ „ალ ნასრის“ წვრთნიდა.