„საპოლიციო გამოსახლების“ შეცვლილი სახით დაბრუნებით, მთავრობა ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება

„საპოლიციო გამოსახლების“ შეცვლილი სახით დაბრუნებით, მთავრობა ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა-ქირავნობის ოპერაციებში რისკებისგან უნდა დაიცვას. ერთი სიტყვით, საუბარია „საპოლიციო გამოსახლების“ მექაზმის დაბრუნებაზე, ოღონდ სხვა ფორმით და სხვა შინაარსით.

ინიციატივის თანახმად, იჯარა-ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის დამატება - ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ამ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ განსახილველად.

„ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა. ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ადამიანმა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის, რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის, რეალურად, პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას.

დიახ, იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა შემუშავებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული.

თუკი მხარეები ასე გააფორმებენ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და საკუთრების უფლება იქნება სრულად რეალიზებული. ინიციატივა ცოტა ხანში პარლამენტში იქნება წარდგენილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა მებაღიშვილი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

„საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ ზუსტად ერთი წლის წინ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ე.წ. საპოლიციო წესის დაუყოვნებლივ აღდგენისკენ უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრეების უფლებების დაცვის მიზნით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაციამ გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა - გახშირდნენ ურჩი გადამხდელები, რომლებიც არც ქირას უხდიდნენ ბინის მესაკუთრეს და არც ბინას ცლიდნენ. უძრავი ქონების მფლობელს კი საშუალება არ ჰქონდა, კანონდამრღვევი მდგმური თუ მოიჯარე, პოლიციის დახმარებით, მყისიერად გამოესახლებინა.

უძრავი ქონების სპეციალისტები და ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები ყოველთვის ცდილობენ აუხსნან ქონების მესაკუთრეებს, რატომ არის საჭირო იჯარა-ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება და რისგან იცავს მათ. ეს საკითხი ყოველთვის იყო ბურუსით მოცული, რადგან ქონების მესაკუთრეებს მოტივაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ სახელმწიფოს აჩვენოს შემოსავალი და გადაიხადოს გადასახადი.

ავიღოთ მოცემულობა, როცა მოქალაქემ გაქირავების მიზნით, იპოთეკური სესხის დახმარებით, იყიდა უძრავი ქონება, შემდეგ გააქირავა ბინა, მაგრამ გამქირავებელი აღმოჩნდა ურჩი და არ უხდის ქირის ფულს და არც სახლს ტოვებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ეს ადამიანი - მას უწევს მთელი წელი სდიოს ურჩ გადამხდელს, შემდეგ მიდის სასამართლოში, რათა სასამართლოს ძალით გამოასახლოს ის საკუთარი ქონებიდან. პროცესი ხშირად იწელება და ამასობაში, შეიძლება, ეს ბინა საერთოდაც დაკარგოს და ბანკიდან აღებული ვალდებულების მომსახურება ჯოჯოხეთად გადაექცეს.

მოკლედ, საკმაოდ რთული ვითარება იქმნებოდა და ამიტომაც, ვფიქრობთ, უღირთ ეს სერვისი და სახელმწიფოსაც თავისი ინტერესი აქვს. გარდა იმისა, რომ მოქალაქები ჰყავდეს ბედნიერი, ასევე გადასახადების სახით შემოსავლები უნდა მიიღოს მოქალაქეებისგან და ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ერთდროულად, ორი კურდღის დაჭერა ხდება და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ მებაღიშვილმა.

თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ინიციტივამ მოსახლეობის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მექანიზმი ბევრად გაიზრდება, ახლანდელ პირობებთან შედარებით.

„ეს ამბავი გამქირავებლისთვის პრობლემა იქნება, რადგანაც რეესტრში რეგისტრაცია მას აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ სახელმწიფოს წლიური შემოსავლიდან გადაუხადოს 5%, რაც კანონით გაწერილია. სახელმწიფო ამ ინიციატივით ორ კურდღელს იჭერს. გადასახადის გადამხდელების იდენტიფიცირებას მოახდენს და ამის შემდეგ ამოიღებს იმ საიჯარო შემოსავლების 5%-ს, რაც დადგენილია კანონით. ახლა სახელმწიფოს უჭირს ამ ადამიანების იდენტიციფირება და ვერ იღებს თანხას. ასე რომ, ცოტათი ირიბი რეგულაციაცაა, სხვა რაღაცასაც აწესრიგებს, გარდა იმისა, რაც გახმოვანდა“, - აღნიშნა სამშენებლო სამართლის სფეროს სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა.

მიშა ანუ, ეს ვიღაც ზაქიშვილი თვლის, რომ კანონით დადგენილი ხუთი პროცენტის გადახდა პრობლემა იქნება გამქირავებლისთვის? ჰო, აბა რა, დამალვა უფრო ადვილი არაა?
როცა მე სახელმწიფოს ვავალდებულებ, რომ ჩემი კანონიერი ინტერესები დაიცვას და ურჩი გადამხდელი მოქირავნე გამოაძევოს ჩემი კუთვნილი ბინიდან, კეთილი უნდა ვინებო და მეც შევასრულო ჩემი ვალდებულებები. უნდა გადავიხადო შემოსავლის ხუთი პროცენტი, რომელიც დედას ჩოყლაყის პრეზიდენტობისას, სულაც ოცი პროცენტი იყო.
10 თვის უკან