ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ყვითელი ბარათის გამო კვარაცხელია მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელიც 21 მარტს, პლეი-ოფის ნახევარფინალში შედგება.

კვარაცხელიამ ყვითელი ბარათები შესარჩევ ციკლში ესპანეთთან, შოტლანდიასთან და ისევ ესპანეთთან (სტუმრად) მიიღო. განსაკუთრებით დასანანია მესამე ყვითელი, რომელიც მან მსაჯთან პროტესტის გამო დაიმსახურა.

“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს. 21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია", - ციტირებს დავით მუჯირის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 მარტს პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს ან აზერბაიჯანს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალში 26 მარტს ითამაშებს.