ტეილორ სვიფტმა რიო-დე-ჟაინეროში შაბათს დაგეგმილი კონცერტი გადადო, იმის გამო, რომ პარასკევს გამართული შოუს ერთ-ერთი მაყურებელი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელმა მომღერალმა გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც სტადიონზე უკვე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სვიფტმა დაწერა: „ჩემი ფანების, შემსრულებლებისა და გუნდის უსაფრთხოება ჩემთვის პრიორიტეტია“.
ბრაზილიაში უპრეცედენტო სიცხის ტალღაა. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, პარასკევს ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია, თუმცა სინესტის მაღალი მაჩვენებლის გამო, ეს ტემპერატურა იგრძნობოდა როგორც 59,3 გრადუსი.
სიცხის გამო, პარასკევს, სვიფტის კონცერტზე მისული 23 წლის ანა კლარა ბენევიდეს მაჩადო შეუძლოდ გახდა. მან სტადიონის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
სვიფტმა მაჩადოს ახლობლებს მიუსამძიმრა. ცნობილია, რომ სვიფტის ორშაბათს დაგეგმილი კონცერტი ჩატარდება.