Area Napoli: კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლა შეიძლება

Area Napoli: კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლა შეიძლება "ნაპოლის" გაუმჯობესების გასაღები იყოს

საქართველოსა და შოტლანდიის მატჩს ნეაპოლური გამოცემა Area Napoli გამოეხმაურა და ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში განსხვავებულ პოზიციაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე კლუბში ფლანგზე.

ამიტომაც, ნეაპოლში ფიქრობენ, რომ ვალტერ მაძარიმაც შეიძლება შეცვალოს ტაქტიკა, რაც „ნაპოლის“ სეზონის გაუმჯობესების გასაღები იყოს.

„კვარაცხელია საქართველო-შოტლანდიის მატჩის (2:2) აბსოლუტური გმირი იყო. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მეორე ფორვარდისა და გიორგი მიქაუტაძის დამხმარის როლში. დაცვის დროს 5-4-1 სქემა იყო, შეტევისას 3-5-2 და კვარაცხელია განსხვავებულ პოზიციაზე მოქმედებდა, ვიდრე „ნაპოლიში“. ხვიჩას სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვან გავლენაზე მეტყველებს. ამან შეიძლება „ნაპოლის“ სამწვრთნელო შტაბი აიძულოს სერიოზულად განიხილოს მისთვის პოზიციის შეცვლის ვარიანტი, ინდივიდუალური და კოლექტიური თამაშის გაუმჯობესების იმედით.

ვალტერ მაძარი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქართველის თამაშს და მის მოძრაობებს აუცილებლად გაითვალისწინებს. ახალ სქემაზე გადასვლა ყოველთვის შეიცავს რისკებს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს კვარაცხელიას შესაძლებლობების სრულად ათვისების და „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილის გაუმჯობესების გასაღები. გასარკვევია, რეალურად მიიღებს თუ არა მაძარი ამ გადაწყვეტილებას სანაკრებო პაუზაზე და როგორ იმოქმედებს ეს „ნაპოლის“ სეზონის მსვლელობაზე“, - წერს Area Napoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა.