„იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ ყოფილმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ რუდი გარსიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან მოტივაცია დაკარგა. მოჯის თქმით, იმაზე ფიქრიც კი შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, რომ ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში ხვიჩა კვარაცხელიაც სკამზე დაეტოვებინა.
„გარსია დემოტივირებულია. წარმოუდგენელია, რომ ოსიმენის არყოფნაში კვარაცხელიაც სკამზე დასვა. როცა ქართველი მოედანზეა, მისი თანაგუნდელებიც უფრო მშვიდად თამაშობენ. ალბათ, გარსია ფიქრობდა, რომ ადვილი მატჩი იქნებოდა, მაგრამ „ემპოლი“ ბევრს დარბის და „ნაპოლის“ პრობლემები შეუქმნა. ახლა გარსიას შენარჩუნებას აზრი არ აქვს.
არასოდეს მინახავს ასეთი უმოტივაციო ადამიანი. ვერ ვიტყვი, დავნიშნავდი თუ არა, მას მწვრთნელად, მაგრამ სპალეტის და ჯუნტოლის შენარჩუნებას ვეცდებოდი. სავარაუდოდ, ახლა „ნაპოლიში“ მისვლა არავის სურს, რადგან იქ დე ლაურენტისია. ალბათ, კონტემაც ამიტომ თქვა უარი. დე ლაურენტისი შესანიშნავი ბიზნესმენია, მაგრამ ცუდი ჩვევა აქვს, რომ გუნდის ტექნიკურ საკითხებში მუდმივად ერევა“, - თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, იტალიური მედიის ცნობით, რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია და მას დიდი ალბათობით, იგორ ტუდორი შეცვლის.