დაშინებულ ბიზნესს დანიშნული ომბუდსმენი „დაიცავს“

დაშინებულ ბიზნესს დანიშნული ომბუდსმენი „დაიცავს“

[ლელა კობერიძე]

ექსპერტები და პოლიტიკოსების მთავრობის მიერ ახალი საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნას აპროტესტებენ. მათ არ სჯერათ, რომ მთავრობის მიერ დანიშნული ომბუდსმენი ბიზნესმენების უფლებებს დაიცავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ლობირების ქვეშ მყოფი გიორგი პერტაია მხოლოდ გილაურის გადაწყვეტილებებს დაემორჩილება. აღსანიშნავია, რომ პერტაიას ამ თანამდებობაზე საუკეთესო თვისებების მოტივირებით დანიშნეს.

გილაურმა მისი სანდოობით აღჭურვილ პირს გიორგი პერტაიას ბიზნესის „დაცვა“ დაავალა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის სისტემაში გამოზრდილი კადრის ამ თანამდებობზე დანიშვნა მხოლოდ ბლეფია. ამ სამსახურის შექმნით, მთავრობამ ბიზნესმენების წინააღმდეგ ახალი ადვოკატი გაიჩინა.

ექსპერტის ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნა და მისი უფლებების განსაზღვრა მთავრობის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.

„ომბუდსმენი უნდა იყოს მთავრობის ოპონენტი, კოდექსით კი, პირიქით არის. ასეთი ომბუდსმენის ინსტიტუტი მეწარმის უფლებებს ვერ დაიცავს“, - ამბობს ტყემალაძე.

საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნის წესს აპროტესტებს პარლამენტარი გურამ ჩახვაძე, მისი თქმით, საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის წესს მთავრობა განსაზღვრავს, მიუღებელია. მისი თქმით, ასეთი ომბუდსმენის დამოუკიდებლობა შეზღუდული იქნება.

„თუ ომბუდსმენი დამოკიდებულია მთავრობაზე, საინტერესოა როგორ დაიცავს ის მეწარმეთა უფლებებს“, - კითხულობს ჩახვაძე.

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის პრემიერ-მინისტრის მიერ, პრაქტიკულად, ერთპიროვნულად დანიშვნა, ვერანაირად უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას მთავრობისაგან. იგი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაციის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობას, მის გათავისუფლებას სახელმწიფოს ზეწოლისგან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ამ ვითარებაში კი მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესომბუდსმენი იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მიუმხრობელი არბიტრი. ფაქტია, რომ ზეწოლას ბიზნესი სწორედ სამთავრობო სტრუქტურებისაგან განიცდის და კონფლიქტი, პირველ რიგში, არსებობს სწორედ მთავრობასა და ბიზნესს შორის“, - ამბობს საგანელიძე.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულიბიზნესომბუდსმენი ვერცერთ შეთხვევაში ვერ შესძლებს დაიცვას ბიზნესის ინტერესები და რეალურად ვერ შეცვლის ქვეყანაში ბიზნესის ტერორის, ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

„ახალი მემარჯვენეები“ მოვითხოვთ საკანონმდებლო დონეზე უმოკლეს ვადაში შეიცვალოს ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის წესი და მისი თანამდებობაზე დანიშვნა მოხდეს არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის წარდგენით, რომელიც თავის მხრივ კანდიდატურას სამოქალაქო საზოგადოების, თვით ბიზნესწრეების, არასამთავრობო სექტორის და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე შეარჩევს“, - განაცხადა საგანელიძემ.

ბუნებრივია, მთავრობას არავისთვის მოუსმენია, შესაბამისად, პერტაია ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა. პერტაია ირწმუნება, რომ იგი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა დაცული იყოს ბიზნესმენების უფლებები და მთავრობასა და კერძო სექტორს შორის მაქსიმალური კონტაქტი დამყარდეს.

„რაც შეეხება ფუნქციებს, ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები განსაზღვრულია კანონით. ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის იდეა მთავრობის ახალი კურსის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია, შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც იქნება ხიდი ბიზნესსა და მთავრობას შორის“, - განაცხადა პერტაიამ.

მისივე თქმით, მთავრობის ახალი კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია სერვისის გაუმჯობესება და კანონმდებლობის დახვეწა. 

„მთავარია აღდგეს ნდობა ბიზნესსა და მთავრობას შორის. მიზანი მიღწეული იქნება მაშინ, როცა საქართველოში ბიზნესმენს ექნება შესაძლებლობა, დაგეგმოს საკუთარი ბიზნესი გარკვეული წლების განმავლობაში და თავი იგრძნოს დაცულად“, - განაცხადა პერტაიამ.

როგორც თავად თვლის, ამ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, რადგან იგივე ფუნქციას ასრულებდა ამერიკის სავაჭრო პალატაში მუშაობის პერიოდში. პერტაიამ მოუწოდა ბიზნესმენებს, აქტიურად ითანამშრომლონ მასთან და თავიანთი შენიშვნები წარმოადგინონ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი გიორგი პერტაიას თვისებებმა აღაფრთოვანა. ბაქრაძემ გილაურთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ საგადასახადო ომბუდსმენს, კვალიფიციურობასთან ერთად, პრინციპულობაც სჭირდება და ამ თანამდებობაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას ბიზნესთან ურთიერთობაში და პირიქით. მისივე თქმით, საგადასახადო ომბუდსმენს უნდა შეეძლოს პრობლემების მოგვარება, პრინციპულობა, გულახდილი დისკუსია და ა.შ.

ბაქრაძის აზრით, გიორგი პერტაია არის კანდიდატურა, რომელსაც ყველა აუცილებელი თვისება აქვს და, შესაბამისად, პრემიერ იმნისტრის კანდიდაქტურა მისთვის მისაღები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის დაცვა პერტაიას რამდენიმე თვეა ევალება, იგი ამ თანამდებობას ფაქტობრივად უკვე ასრულებდა, თუმცა მას ბიზნესმენების პრობლემის შესახებ მკვეთრი შეფასებები არასოდეს გაუკეთებია.