სერია A-ში 12 ტურის შემდეგ სკუდეტოსთვის მებრძოლი ორი გუნდი გამოიკვეთა - „ინტერი“ და „იუვენტუსი“.
მილანელებმა ტურის დასკვნით შეხვედრაში ფედერიკო დიმარკოსა და ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლებით „ფროზინონეს“, რომლის რიგებში ისევ თადარიგში დარჩა გიორგი კვერნაძე, 2:0 აჯობეს.
შედეგად, სიმონე ინძაგის გუნდი 31 ქულით პირველ ადგილზეა (10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება), ხოლო კვალში „იუვენტუსი“ უდგას, რომელსაც 29 ქულა აქვს (9 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).
მესამე ადგილზე „მილანია“ 23 ქულით, შემდეგ „ნაპოლი“ მოდის - 21 ქულა. ცხადია, ჯერ დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ დუელი იკვეთება.
ახლა, სერია A-ში სანაკრებო პაუზა დაიწყო, მომდევნო ტურში კი, სუპერდუელია - „იუვე“ „ინტერს“ უმასპინძლებს. ამრიგად, სერია A ორკვირიანი პაუზის მერე პრაქტიკულად პოტენციურად საჩემპიონო დუელით დაბრუნდება.