შეიძლებოდა თუ არა კირბალის ტრაგედიის თავიდან აცილება?!

შეიძლებოდა თუ არა კირბალის ტრაგედიის თავიდან აცილება?!

სოფელ კირბალთან მდებარე ლომისას ტაძართან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ აქტუალური გახდა შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა უბედურების თავიდან აცილება?! როგორც წესი, ყოველი ასეთი შემთხვევისას შელახული ეროვნული თავმოყვარეობა რადიკალიზაციისკენ უბიძგებს ადამიანებს და ჩნდება მოწოდებები, რომ ოკუპანტებმა საკადრისი უნდა მიიღონ.

თუმცა არის ცალკეული შემთხვევები, როცა მავანნი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ ადამიანების პირად ტრაგედიას, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების „ხელობად“ იქცა.

ამ დღეებში სხვადასხვა რეკომენდაციას ვისმენთ პოლიტიკოსებისგან, თუ არაპოლიტიკოსებისგან.

„ყველას, ვინც კირბალში ცხოვობს, უნდა მიეცეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ნებართვა, რომ როგორმე თავი დაიცვან“, - მიიჩნევს პაატა ბურჭულაძე.

„ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ, უნდა შევიკრიბოთ და ეს გმირი კაცი იმ ეკლესიის ეზოში დავკრძალოთ, სადაც ის მოკლეს“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

როგორ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პროვოკაციული და გულანთებული მოწოდებები, რაც ამ დღეებში გვესმის?!

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, ცხადია, არავინ ითხოვს ომის დაწყებას, მაგრამ ჩვენ თუ ვართ ეროვნული სახელმწიფო, სუვერენიტეტის მქონე აქტორი, მაშინ ასეთ ფაქტებს მშვიდად არ უნდა შევხვდეთ. თუ თამაზ გინტურის მკვლელობას თვალი მოვუხუჭეთ, მაშინ თავდაცვის ძალები უნდა გავაუქმოთ და მხოლოდ პოლიცია დავტოვოთ.

ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ქვეყანაში უნდა იყოს სამხედრო პოლიტიკა და თავდაცვის ძალებს უნდა ჰქონდეს თავიანთი ძალა. თავდაცვის ძალები თუ გვყავს, შეიყვანონ კონფლიქტის ზონაში, განათავსონ და ჩააყენონ ე.წ. ჩეკ პოინტებში, საკონტროლო წერტილებში, რომ ვიღაც თავხედმა რუსმა და ვიღაც ოსმა სეპარატისტმა ვერ გაბედოს უბატონოდ ხმის გაცემა.

„ერთი მომენტია, რომ ჩვენ წავაგეთ ეს ომი და უბრალო ჯარისკაცების დონეზე წავაგეთ ღირსეულად, მაგრამ მეორე მომენტია, რომ ღირსეულად უნდა დავხვდეთ იმ მოცემულობასაც, რომ დროებით ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა. თუ არ გვინდა ძალის დემონსტრირება, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვართ სახელმწიფო, მაშინ დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ნორმალურ და უპრობლემო სახელმწიფოებში. სამწუხაროდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, ასევე, გაუქმდა სხვა მაკოორდინირებელი სტრუქტურები. არ ხდება თავდაცვის პოლიტიკის ნორმალური დაგეგმვა და განხორციელება, ელემენტარულად, უნდა აღკვეთილიყო ასეთი თავხედური პროვოკაციები, ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი პოტენციალითაც კი შეიძლებოდა თამაზ გინტურის გადარჩენა. პოლიციელები დგანან კონფლიქტის ზონაში, პოლიციელს რა უნდა ამ ზონაში? როდესაც იქ რუსების საოკუპაციო ძალების მხრიდან მთელი საარმიო ნაწილები დგას, პლუს კიდევ, ოსების სამხედრო ფორმირებების მობილიზაციაა, ასეთ დროს ქართულმა პოლიციამ რა უნდა გააკეთოს? ამიტომაც გვიყურებენ არასერიოზულად და გვექცევიან ისე, როგორც არიფებს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ სოფელ კირბალის მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ უმჯობესია, პაატა ბურჭულაძემ მიხედოს თავის პროფესიას და ოპერაში იმღეროს. ვახტანგ მაისაიას თქმით, ბურჭულაძე მისთვის ავტორიტეტი არაა, როგორც ოპერის მომღერალს, პატივს სცემს, მაგრამ სამხედრო საქმეში ბურჭულაძე ნულია.

„ვინც არიან ამ დარგის სპეციალისტები, მათ მოჰკითხონ ჭკუა ამ კოლექტიურმა პინოქიოებმა. შეიარაღების გაცემა კირბალელებზე როგორ შეიძლება, ეს ხომ იდიოტობაა. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, სახელმწიფოს პრეროგატივაა სამხედრო პოლიტიკის მართვა. თავდაცვის სტრატეგია შედგება სამი კომპონენტისაგან: სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის პოლიტიკა და სამხედრო პოლიტიკა. კირბალის ტრაგედიაც უშუალოდ სამხედრო პოლიტიკის ნაწილია. არ ვიცი, სად უნდა დაკრძალონ თამაზ გინტური, ეს მისი ოჯახის გადასაწყვეტია, მაგრამ არ შეიძლება დაკრძალვის პოლიტიზება. იქ იმ ადამიანის წინაპრების საძვალეა. ყველაფერი სიცოცხლე ხომ არ არის, ასე მონებიც ცხოვრობდნენ ძველ რომში, ხშირად გვესმის, საბჭოთა კავშირის დროსაც მონებად ვცხოვრობდითო. ადამიანი იქ უნდა დაიკრძალოს, სადაც მის ოჯახს სურს. თუ საჭიროა, ძალაც უნდა გამოვიყენოთ. ადამიანს დასაფლავების უფლება არ უნდა წაართვან. დღეს იყო გინტური, ხვალ სხვებს მიადგებიან, ბოლოს და ბოლოს, კუკიის სასაფლაოზეც ამიკრძალავენ დედაჩემის და მამაჩემის საფლავების ნახვას. 1993 წელსაც ასე იყო, ბევრი ადამიანი დაიმალა და პირტიტველა ახალგაზრდები გამოვცხადდით სამხედრო კომისარიატში, იმავეს გავიმეორებთ დღესაც. ზოგჯერ ღირსების ქვევით ჩამოსვლა სიკვდილის ტოლფასია“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ სიბრტყეში წარმოადგენს არარაობას, მაგრამ იგივე არ ითქმის ბურჭულაძის პროფესიონალურ სიბრტყეზე, ანუ როგორც მომღერალზე.

„პაატა ბურჭულაძე ნაცმარგინალია პოლიტიკურ სიბრტყეში, რომელიც ახლაც დესტრუქციული მესიჯის აწევას ცდილობს. ეს პირდაპირი პროვოკაციაა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ასეთ სისულელეებზე ლაპარაკს, უჯობს, იაროს დავით ქაცარავასთან ერთად ე.წ. პატრულირებაზე, იმ პატრულირებაზე, რომელსაც დღემდე ყურადღებას არ აქცევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 2008 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთი თანამშრომელიც კი არ შეხვედრია დავით ქაცარავას, რადგან იციან, როგორი თვითმომხვეჭელია“, -აცხადებს გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას და მიიჩნევს, თუ სად უნდა დაიკრძალოს თამაზ გინტური, ეს მისი ოჯახისა და ადგილობრივი ეპარქიის გადასაწყვეტია.

 

რომანი ეკლესიის კარის ცულით შემტვრევა კი არა, არის ეკლესიები, რომელთაც კარი სულ არ აქვთ, მაგრამ მომრიდებია შესვლა.
1 წლის უკან