Corriere Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია მიმდინარე სეზონში მის რთულ სტარტზე. გამოცემა წერს, რომ გასულ სეზონში ამ პერიოდში ხვიჩა გაცილებით ეფექტიანი იყო.
„ალბათ, კვარაცხელიას ახალი ბალანსი სჭირდება. მას ჩემპიონატის დიდი ვარსკვლავის სამოსი აცვია, მაგრამ ეძებს სამოსს, რომელიც მისთვის კომფორტული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დრიბლინგებს ისევ აკეთებს, არსებობს სტატისტიკა, რომლის იგნორირება ძნელია. კვარამ მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა, ერთი წლის წინ, იმავე პერიოდში როგორც აბსოლუტურმა სიურპრიზმა, 7 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, 5 საგოლე პასითაც ნაკლები აქვს.
სად არის კვარადონა? იქნებ, სიურპრიზის ეფექტი გაქრა. იქნებ, ქართველზე გავლენა იქონია სეზონის დასაწყისში ნაადრევმა შეცვლებმა და ტაქტიკურმა ინოვაციებმა. რა თქმა უნდა, ის ოსიმენის არყოფნასაც გრძნობს, რადგან მასთან კარგადაა შეთამაშებული. ბევრი შემამსუბუქებელი ფაქტორია და წინ ბევრი თვეა, რომ სერია A-ს გასული სეზონის MVP ძველ დონეზე დაბრუნდეს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.