კანადელმა მომღერალმა გრაიმსმა ოთხი ადამიანი დაიქირავა, რათა თავისი ყოფილი პარტნიორისთვის, ილონ მასკისთვის, მეურვეობასთან დაკავშირებული საბუთები ჩაებარებინა. თუმცა, კურიერებმა მასკს ვერსად მიაგნეს — მილიარდერს 12 სხვადასხვა ადგილზე მიაკითხეს, მაგრამ იგი არსად დახვდათ.
სასამართლოს კურიერები იყვნენ მასკის კომპანიების ოფისებში, სახლსა და ფერმაში. ერთ-ერთმა მათგანმა ბიზნესმენის კერძო თვითმფრინავის გადაადგილების მარშრუტის დადგენაც სცადა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. საბოლოოდ, კურიერები იძულებულები გახდნენ, საბუთები მასკთან დაკავშირებული მესამე პირებისთვის, მაგალითად, დაცვის თანამშრომლებისთვის ჩაებარებინათ. ამ ყველაფრის შესახებ სასამართლო ჩანაწერებიდან ირკვევა.
გრაიმსს, რომლის ნამდვილი სახელი კლერ ბუშეია, ილონ მასკთან სამი საერთო შვილი ჰყავს. ოქტომბერში მომღერალმა ბავშვებზე მეურვეობის მოსაპოვებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
გრაიმსის ადვოკატი ამბობს, რომ საბუთების მეორე მხარისთვის ჩაბარების სამი მცდელობა კალიფორნიის კანონმდებლობით სრულიად საკმარისია, მუსიკოსის წარმომადგენლები კი ამას უფრო მეტჯერაც შეეცადნენ. ამასთან, ადვოკატის თქმით, თუკი საბუთების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, პიროვნებასთან დაკავშირებული სახლის ან ბიზნესის მისამართზე მათი დატოვება მისაღებია.
როგორც ირკვევა, მასკს პასუხის გასაცემად საბუთების ჩაბარებიდან 10-დან 30 დღემდე ვადა აქვს. ადვოკატი კი ამბობს, რომ მომღერლისა და მილიარდერის სამართლებრივი დავა კიდევ რამდენიმე თვეს გასტანს.
გრაიმსმა და ილონ მასკმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყეს. წყვილი თავდაპირველად 2021 წელს დაშორდა, მაგრამ საერთო შვილზე ზრუნვა განაგრძეს. ამავე წელს მათ კიდევ ერთი შვილი შეეძინათ, 2022 წელს კი მესამე ბავშვიც დაიბადა. საბოლოოდ, გრაიმსი და მასკი გასული წლის გაზაფხულზე დაშორდნენ.
სექტემბრის თვეში გრაიმსმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა, რომ მასკისგან მოითხოვდა, მათი შვილი ეჩვენებინა ან მისი ადვოკატისთვის ეპასუხა. თუმცა, მუსიკოსმა პოსტი მალევე წაშალა.