საოკუპაციო რეჟიმმა მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონიდან ამოიღო კადრები და ადგილობრივი მედიით გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს სამი ადამიანი - მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დათიაშვილი. ამავე კადრებიდან მოკლული გინტური ცდილობს გააღოს ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის კარი, რომელიც აჭედილია. ტაძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ, მაშინ, როდესაც კარების გაღებას ცდილობდა, ადგილზე მივიდნენ ოკუპანტები. თამაზ გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მისი მანქანა კი, დაცხრილულია.
ტრადიციულად, ისევე როგორც სხვა მსგავსი ტრაგედია, თამაზ გინტურის მკვლელობაც პოლიტიკური დაპისრისპირების მიზეზი გახდა. რადიკალური ოპოზიცია მკვლელობას იმით ხსნის, რომ ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, ხელისუფლება კი ოპოზიციას წარსულისკენ მიუთითებს და ახსენებს, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად არის დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი გამოვიდა წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. რამდენიმე თვის წინ „ევროპელმა სოციალისტების“ მხრიდან, პარლამენტში 2008 წლის მოვლენებთან მიმართებით დაინიცირდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, გამოკვლევა და ფაქტების დადება. თუმცა, მმართველ პარტიას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და თვლის, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას.
„ცივილიზებული სამყარო და ამას ამბობს საქართველოს ხელისუფლებაც, რომ რუსეთი ოკუპანტია. სხვათა შორის ამაზეც გვქონდა ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას. უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც. სხვა ხელისუფლებებზე და სხვა ქვეყნებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული.
ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ უსაფრთხოების რისკები რეალობად არ იქცეს. მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს არის უდიდესი რისკები და მთავარი ამოცანაა, რომ რისკების რეალიზების საშუალება არ მივცეთ როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე - გარე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელის გაშვერა წარსულზე, წინა ხელისუფლებისკენ არის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას. შესაბამისად, მოუწოდებენ, რომ გადახედონ ისტორიას და ნუ გაექცევიან პასუხისმგებლობას.
ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დღეს, იმ რუს მკვლელთან ერთად, მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დანაშაულებრივი „ნაც-რუსეთის“ ტანდემი არ გაჩერდება. ქართველიშვილის თქმით, სწორედ იმ ძალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუთმო საქართველომ რუსეთს ცხინვალის რეგიონი, რომლებიც დღეს ლოზუნგებით გამოდიან, რომ რუს ოკუპანტს გინტურის მკვლელობა არ უნდა შერჩეს.
„არანაირი პრობლემა მოლოცვის, თუ ერთობლივად ჩატარებული ქორწილებსა თუ ქელეხებში მონაწილეობისა, ცხინვალის გავლით რაჭაში ჩასვლის, ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის, გორიდან, როკის გვირაბის გავლით, ვლადიკავკაზში გამგზავრების - 2004 წლის ზაფხულამდე არ იყო. მაისის ბოლოს, თბილისში სამი დღით გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო ჩამოვიდა და მერე დაიწყო ის, რაც დაიწყო.
ეს მოცემულობა ორივე მხარეს არ აწყობდა: არც რუსეთს და არც ნაცებს. დღეს ამის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ამის დავიწყება არ გამოვა! ჩვენ, 2004 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! ყველა იმდროინდელი, ოპოზიციიდან დაწყებული, გაერო-თი დამთავრებული, „ნაცებს“ აფრთხილებდნენ, მსგავსი სისულელე აფხაზეთის მიმართ მაინც არ გაიმეოროთო, მაგრამ 2006 წელს კოდორის პროვოკაცია მაინც განახორციელეს და აქაც სასწაული თანხვედრა მოხდა რუსეთისა და „ნაცების“ ერთობლივ ინტერესებში.
2008 წელი და საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ამ ოკუპაციის გამომწვევი ომის დაწყებაში, ასევე შედიოდა რუსეთის და „ნაცების“ ერთობლივ გეგმებში! ამის დავიწყებას ვერავინ გვაიძულებს! ქართველი გუბერნატორები, ჩვენი გმირების წამებით მოკვდინების ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად მუშაობდნენ და მათ დაპურების საქმეში ოფიციანტობას უწევდნენ.
მკვლელია ის რუსი ოკუპანტი, აბა ვინაა? მსხვერპლია, თანაც მერამდენე - თამაზი გინტური! მაგრამ მის მკვლელობაში თანამონაწილეა ის ძალა, ვინც ეს მკვლელები ჩვენს სახლში შემოუშვა! დღეს, ჩვენ გვიწევს ამ უსამშობლო მავნებლების მიერ დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკვლავება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე გამოთქვამს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ოკუპანტების მიერ აქაური მეხუთე კოლონისა და დამპყრობლების ერთობლივ ქმედებათა შედეგია. მისი თქმით, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი არ ხდება, მით უმეტეს ამჟამინდელი პოლიტიკური მოვლენების ფონზე.
„გავიხსენოთ რა ჩაიდინეს იმისათვის გერმანელმა ფაშისტებმა პოლონეთში რომ შეჭრილიყვნენ, რომელთაგან მხოლოდ ერთით განსხვავდებიან ნაცები და მათი სატელიტები - გერმანელი ფაშისტები ნაცებისაგან განსხვავებით, საკუთარ ერზე ისე არ ძალადობდნენ, როგორც ესენი. გავიხსენოთ მიშას მოწოდება-დავალება თანაგუნდელი ზონდერებისათვის - მოეკლათ კარავში ან სადმე მიტინგზე ორსული ქალი, რომ ხალხი ჭკუიდან გადასულიყო.
ვინ მოკლა ცემით საკუთარი ნათლიმამა - კობა დავითაშვილი? ვისი ბრძანებით აწამებდნენ ციხეებში შუასაუკუნეების ურჯუკული ფორმებით? ვინ მიატოვა გორში მეომრები, სტუმარი და მოკურცხლა უკანმოუხედავად? ვინ დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის სექტემბერში? ვინ დასდო ბრალი ქართველ სამხედროებს საკუთარ ქვეყანაში ომის დაწყებაში და ვინ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციას? ვინ შემოიპარა არაჟნებში საქართველოში ქვეყნის ასარევად, ასაოხრებლად და გასანადგურებლად? - რა თქმა უნდა სააკაშვილი! ვიმეორებ, რუსი რომ ოკუპანტია და ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული, იმიტომ ჰქვია ჩრდილოელს დამპყრობელი“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მთელ ამ პროცესში ადეკვატური იყო საპატრიარქოს პრეს-სპიკერის ანდრია ჯაღმაიძის განცხადება: ისე არ მოხდეს, უარესი შედეგი მივიღოთო. პოლიტოლოგის განცხადებით, უარესი იმ მხრივ, რომ თუკი ჯაჭვი აგორდა, თავისუფლად შეიძლება ერთი ადამიანის დაღუპვას ისეთი შეტაკება მოჰყვეს, რომ კიდევ მეტი ადამიანი დაიღუპოს.
„რუსეთისგან გამორიცხული არაა, რომ რაღაცა იუკადრისოს და მაგიტომ ომი დაგიწყოს. გავიხსენოთ 2008 წელს ომის ახლო-მახლოს იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ძალიან ბვერი ჯაშუშების თემა ამოწეული - რუსეთის ჯაშუში, რუსეთის ჯაშუში. გვახსოვს ეს პროცესი. 2008 წლის მოვლენების შეფასების დროს აი, ეს ფაქტი, რომ ჯაშუშებზე იყო აპელირება საქართველოს ხელისუფლებაში და დაიწყეს „რუსეთის აგენტების“ დევნა და ამ დროს თვითონ არ აღირებდნენ, ამას ხაზი გაუსვა მაშინ რუსეთმა. აგერ FARA-ს კანონს რომ ვიღებდით, ამერიკულიაო ვთქვით და გავიხსენოთ, როგორი იყო თვითონ ამერიკის პოზიცია. ასე რომ, ჯაშუშების, ან საკუთარი წარმომადგენლების, რეზიდენტების თემა ყველა ხელისუფლებისთვის ძალიან მწვავე და მტკივნეულია. მით უმეტეს, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არად დაგიდევს პოლიტიკურ მიზანშეწონილებას და გააკეთებს უაზრობას, როგორც 2008 წელს საქართველოში და შემდეგ უკრაინაში“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, რუსეთს ძველ-ბიჭური ჩვევები აქვს, ამიტომ ასეთი ძველ-ბიჭური ანგარისწორება რუსული პოლიტიკისთვის ბუნებრივია და ასეთ ადამიანს თითის ქნევა დაუწყო ისე, რომ არ გქონდეს გარანტია, ამ თითის ქნევით მას, მინიმუმ, შეაკავებ თუ არ დასჯი, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაცია არის.
„კეთილი სურვილის პრვოკაციაო - შეიძლება შემოგვედავოს ადამიანი, მაგრამ გავიხსენოთ 2008 წლის ომიც კეთილი სურვილებით იყო ნაკარნახევი. გასუსული იყო მთელი საქართველო იმიტომ, რომ ოკუპირებული იყო რეალურად უკვე ტერიტორია და ამ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა სააკაშვილი, ოღონდ მარტო ლაპარაკობდა და როგორც აღმოჩნდა, საქართველო და მათ შორის სააკაშვილიც მზად არ იყვნენ იმ ომისთვის. ამიტომ ამბობენ, რომ ეს იყო პროვოკაციაზე წამოგება, რასაც პლუსად არავინ არ უთვლის სააკაშვილს. იგივეს გამეორება არაა რთული და შეიძლება ჩვენც იგივე გავიმეოროთ ამ პირობებში. ამიტომ, ვიმეორებ, რახან რუსეთთან გვაქვს საქმე, სიფრთხილე და წინდახედულობა აუცილებელია“, - განაცხადა for.ge-სთან რამაზ საყვარელიძემ.