House of the Dragon-ის მე-2 სეზონის პრემიერას მაყურებელი 2024 წლის ზაფხულის დასაწყისში უნდა ელოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია HBO-ის წარმომადგენელმა პრესასთან შეხვედრისას გაავრცელა. გარდა ამისა, ჟურნალისტებს მე-2 სეზონის ტრეილერი ექსკლუზიურად აჩვენეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ჯერჯერობით არ ვრცელდება.
House of the Dragon, რომელიც სამეფო კარის თამაშების სამყაროზე გადაღებული სერიალია, პოპულარული გამოსვლისთანავე გახდა. სერიალში მიმდინარე მოვლენები სამეფო კარის თამაშებში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა. ამ დამაინტრიგებელ სატელევიზიო შოუს ჯ.რ.რ. მარტინის წიგნების სერიის Fire And Blood-ის (ცეცხლი და სისხლი) მიხედვით იღებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სცენარისტთა გილდიის გაფიცვის გამო არაერთი სერიალის პრემიერა გადაიდო. თუმცა HBO-მ House of the Dragon-ს მეორე სეზონი ძალიან ადრე დაუმტკიცა და გაფიცვამდე სცენარიც უკვე დასრულებული იყო, ამიტომ პრემიერის თარიღი არ შეიცვალა.
მე-2 სეზონში სერიალის მსახიობების ძირითადი ნაწილი უცვლელი რჩება. House of the Dragon-ის მე-2 სეზონში მეთ სმიტს, ოლივია ქუქს, ემა დარსის, ევა ბესტს, სტივ ტუსენს, იუენ მიტჩელს და სხვა პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს ისევ ვიხილავთ. რაც შეეხება ახალ მსახიობებს, მე-2 სეზონში ჰარი კოლეტი, ბეთანი ანტონია, ფიბი კემპბელი, ჯეფერსონ ჰოლი და მეთიუ ნედჰემი გამოჩნდებიან.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, სულ რამდენი სეზონი ექნება House of the Dragon-ს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯორჯ მარტინის თქმით, House of the Dragon-ს ტარგარიენების სამოქალაქო ომის მოსაყოლად 40 ეპიზოდი მაინც სჭირდება.