„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში პსჟ-სთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ეს თამაში უნდა იყოს გარდამტეხი მომენტი ჩვენს ჩემპიონთალიგურ კამპანიაში. არ შეგვიძლია დავეყრდნოთ სხვების შედეგებს. ქულები გვჭირდება. მეტოქე ტოპ გუნდია, მაგრამ მე მყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და სწორი იდეა გვაქვს. თავიდან ბოლომდე უნდა გვჯეროდეს ამ იდეის.
დღევანდელი დღე შრომას და დისკუსიებს დაეთმო. ორიენტირებული ვიყავით საჭირო კონცენტრაციაზე.
პარიზულმა გაკვეთილმა გვასწავლა, რომ ჩვენი ყურადღების დონე ნამდვილად მაღალი უნდა იყოს. მათ შეუძლიათ დარტყმა ნებისმიერ მომენტში. უნდა ვიცოდეთ ეს და გამოვიყენოთ ყოველი შანსი, რომელიც გვექნება.
პირველ მატჩში კომპაქტურად ვითამაშეთ და თავს კარგად ვიცავდით, უბრალოდ უფრო ყურადღებიანი უნდა ვიყოთ გარკვეული სიტუაციებისას, მაგალითად მბაპეს გოლი გავიხსენოთ.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს „მილანის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
სამი ტურის შემდეგ მილანი F ჯგუფში ორი ქულით ბოლო, მეოთხე ადგილზეა. ჯგუფს 6-ქულიანი პსჟ ლიდერობს, „დორტმუნდს“ და „ნიუკასლს“ 4-4 ქულა აქვთ.
„მილანი“ - პსჟ-ის მატჩი დღეს, 7 ნოემბერს გაიმართება მილანში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.