მესი:

მესი: "მარადონას დაბადების დღეს უკეთ ვერ მივულოცავდი, ეს ოქროს ბურთი მას ეძღვნება"

ლიონელ მესიმ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მან ეს ჯილდო დიეგო მარადონას მიუძღვნა, რადგან მერვე ოქროს ბურთი მესიმ დიეგოს დაბადების დღეზე მიიღო...

„მადლობა ყველას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ხმა მომცა. ჯილდოს ვუზიარებ ჩემს თანაგუნდელებს, ეს არის ის, რასაც არგენტინასთან ერთად მივაღწიე. ეს არის საჩუქარი ჩვენი გუნდისთვის და ხალხისთვის. არ მინდა დავივიწყო მბაპე და ჰოლანდი: საოცარი ფეხბურთელები, ისინი ამ ჯილდოს ალბათ მალე მოიგებენ, რადგან იმსახურებენ. აქ ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია, მრავალი წელია ამ დაჯილდოებაზე ყოფნა მიწევს და ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ დონე არასდროს ეცემა.

ამ ჯილდოს დიეგო მარადონა ვუძღვნი, მას დაბადების დღეს უკეთესად ვერ მივულოცავდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველა ჯილდოს მოვიგებდი, რაზეც ვოცნებობდი. ფეხბურთში ყველაფერი მოვიგე და ეს ძალიან რთულია, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში ვითამაშე და ასე უფრო ადვილია ინდივიდუალური ჯილდოების მოგება. რთული მომენტებიც გამოვიარე, მაგრამ ყოველთვის ვაგრძელებდი ბრძოლას და მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, რომ არ დავნებებულიყავი. ყველაზე რთული არჩევანი ევროპის დატოვება იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ. ბექჰემის მსგავსი მშვენიერი ადამიანის გაცნობა დამეხმარა არჩევანის გაკეთებაში. ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ მიღწეულით დავტკბე, ფეხბურთში მიუღწეველი არაფერი დამრჩა. არ ვიცი, რამდენი დრო დამრჩა, სხეულს უნდა მივხედო, ვერ გეტყვით, ფეხბურთში როდემდე ვითამაშებ, მაგრამ იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო და ეს რეკორდია. მეორე ადგილზე 5 ოქროს ბურთით კრიშტიანუ რონალდუა.