რა იწვევს იმას, რომ „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, მსოფლიო საზოგადოების არცთუ მცირეოდენი ნაწილი მაინც ცდილობს, პალესტინელების საქციელს გამართლება მოუძებნოს?!
თვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც კი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ამბობს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ცარიელ ადგილზე, ანუ ვაკუუმში არ მომხდარა, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. გუტერეში მიიჩნევს, რომ „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის მიუხედავად, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს. ამასთან, გაეროს შეფასებით, ისრაელი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.
აღარაფერს ვამბობთ ერდოღანზე, რომელმაც „ჰამასს“ „მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფი“ უწოდა, რომლებიც თავიანთი მიწისა და მოქალაქეების დაცვას დარაჯობენ. ამასთან, ერდოღანი აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ ისლამისტურ დაჯგუფებას ტერორისტულს უწოდებენ.
Amnesty International-ის შეფასებით, ისრაელის სამხედრო ქმედებები ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს. პარალელურად, ისრაელი უარყოფს გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამ მოწოდებას „საზიზღარს“ უწოდებს.
რატომ არის აზრი გაყოფილი ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერებს შორის და რატომ არ წყდება პალესტინელების მხარდამჭერი საპროტესტო აქციები პარიზში, ათენში, ლონდონში, ვარშავაში? რატომ ამოიღეს მიზანში დამსაქმებელმა კომპანიებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელის აპარტეიდულ რეჟიმს დააკისრეს და ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვას „კოლონიალური სამაგიეროს გადახდა“ უწოდეს?
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ, მართალია, ანტონიუ გუტერეშმა გააკრიტიკა ისრაელი, მაგრამ ახლა ისრაელის კრიტიკა უადგილოა, რადგან ისრაელის მდგომარეობაში უნდა შევიდეთ, როგორ აფექტშია იქაური მოსახლეობა „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.
„გუტერეშმა ძველი ამბავი გაუხსენა ისრაელს, რომ ისრაელი არ თანხმდება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. მე მგონი, ახლა ის დრო არ არის, გუტერეშს ამაზე დაეწყო ლაპარაკი. რაც შეეხება პუტინსა და ერდოღანს, რუსეთისთვის „ჰამასი“, „ჰესბოლა“ და ირანი, ყველაფერი ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, რამენაირად უკრაინაში გაიმარჯვოს. შესაძლოა, რუსეთმა პროვოცირებაც კი გაუკეთა „ჰამასის“ შეჭრას ისრაელში, ისიც შესაძლებელია, მთელი არაბული სამყარო ამხედრდეს ისრაელის, ანუ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, რადგან ამერიკა და ევროპა არასდროს არ მიატოვებენ ისრაელს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე შეფასებით, „ჰამასის“ მხარეს არანაირი სიმართლე არ არის, მაგრამ სხვა საქმეა პალესტინელი ხალხი, მათ აქვთ თავიანთი პრეტენზიები ისრაელის მიმართ, თუმცა თვითონაც ძალიან ბევრი დააშავეს ისრაელის წინაშე, როცა ომი რამდენჯერმე წამოიწყეს. პალესტინელები კვებავენ ტერორიზმს, ტერორისტულ აზრებს, საერთოდ არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს. პალესტინელებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ღაზაში ძირითადად რადიკალური ანტიებრაელი პალესტინელები არიან. დანარჩენები, ქრისტიანი პალესტინელები და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელები შედარებით ლიბერალურები, ნაკლებად აგრესიულები არიან.
კახა გოგოლაშვილის აზრით, თავისთავად, ისრაელის პოლიტიკაც შეიძლება გავყოთ, სხვაგვარი იყო იცხაკ რაბინის პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა, შერიგებოდა პალესტინელებს და მზად იყო, ბოლოს და ბოლოს, ეღიარებინათ ეს ორი სახელმწიფო - პალესტინის და ისრაელის. ახლანდელი პრემიერი ნეთანიაჰუ კი რადიკალებთანაა გარიგებული, ნეთანიაჰუმ ყველაფერი გააკეთა სიტუაციის გასამწვავებლად. თავისთავად, ამ საქმეში ჩარეულია ირანიც.
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ ისტორიული კუთვნილების საკითხი, თუ ვის ეკუთვნის ეს სადავო ტერიტორია, უძველესი ეპოქიდან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან მოდის. თუ ათვლის წერტილად ავიღებთ ადამს და მის შვილებს, შვილიშვილებს, აღმოჩნდება, რომ პალესტინელები და ებრაელები ერთმანეთთან ახლოს დგანან.
„სადავო ადგილი პალესტინის საკუთრებაა. ებრაელებს პატივს ვცემ, მაგრამ ისტორიული სინამდვილე ასეთია. ებრაელების ისტორია - საიდან იყვნენ, როგორ იყვნენ, მერე არსად არ ჩანდნენ, შემდეგ უკვე ებრაელების სახელმწიფოს შექმნა სტალინთანაა დაკავშირებული. სტალინმა სწორად განსაზღვრა, რომ ნავთობის ქვეყანა იყო ახლო აღმოსავლეთი, სწორედ აქ მისცა სტალინმა ებრაელებს დასახლების შესაძლებლობა და ეს იყო ამერიკისა და ინგლისის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ამერიკასა და ინგლისს თავიდან არ უნდოდათ ებრაელების ჩასახლება იმ ტერიტორიაზე. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სტალინმა მისცა, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, „სადგისი არაბულ საჯდომში“, ანუ მისცა ებრაელები. ეს სტალინის ცნობილი სიტყვებია. ებრაელების სახელმწიფოს შექმნაც სტალინმა გადაწყვიტა და ეს მოხდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1946-47 წლებში. მანამდე ებრაელებს საბჭოთა კავშირში გამოყოფილი ჰქონდათ მიწები, ციმბირის იქით და დასახლდნენ კიდეც იმ ტერიტორიაზე. არსებობს გერმანელი, რუსი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი ებრაელები, ებრაელთა სახელმწიფოებრიობის საკითხი მოგვიანებით დადგა, რაც სიონისტურ მოძრაობას უკავშირდება. სიონის ბრძენთა ოქმებიცაა შემდგარი, რომლებიც ებრაელების კონსტიტუციასავითაა“, - აცხადებს იგორ კვესელავა for.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგის სიტყვით, ახალი აღთქმა ქრისტეს უკავშირდება, ძველ აღთქმაში კი ბევრი რამ გადმოღებულია გილგამეშის ეპოსიდან, ქრისტეს ჯვარცმის თემატიკა უძველესი ეპოქიდან მომდინარეობს, ქრისტეს დედა - მარიამ ღვთისმშობელი კაპადოკიიდანაა, კაპადოკია დაკავშირებული იყო კოლხებთან და ლაზებთან. არსებობს მოსაზრება, რომ მარიამ ღვთისმშობელი კოლხური წარმოშობისაა, წმინდა ნინოც და წმინდა გიორგიც კაპადოკიიდან იყვნენ.
იგორ კვესელავას აზრით, ებრაელებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო, მაგრამ არაბებსაც და პალესტინელებსაც უფლება აქვთ, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, სამწუხაროდ, პალესტინელებს მისცეს მხოლოდ ავტონომია. ამიტომ ებრაელები და არაბები ერთმანეთს მტრობენ.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ახლა მსოფლიოს ებრაელები მართავენ, ისინი მთელ მსოფლიოში გაფანტულნი არიან - ბრიტანეთში, საფრანგეთში. ებრაელების შემდეგ მეორე ადგილზე არიან სომხები, სომხებს უზარმაზარი დიასპორა აქვთ მთელ მსოფლიოში.
„მესმის, რომ ებრაელები ამბობენ, ჩვენია აღთქმული მიწა, ანუ პალესტინის ტერიტორიაო, მაგრამ გააჩნია, ამ აღთქმულ მიწას ვინ როგორ გებულობს. არის სხვა მოსაზრებაც, რომ ეს მიწა ებრაელების არაა. დავუშვათ, ებრაელები გამოყარეს იმ ტერიტორიიდან, სად უნდა წავიდნენ ებრაელები? ახლო აღმოსავლეთში არის შესაძლებლობა, ცხოვრობდნენ არაბები, მაგრამ ებრაელები სად უნდა წავიდნენ? ამიტომ გაეროშიც, ბრიტანეთშიც, რუსეთშიც, ირანშიც მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ისრაელ-პალესტინის ომი არ შეიძლება გაგრძელდეს, ეს ომი იმდენად არაბების კი არა, ებრაელების განადგურებას გამოიწვევს. ღაზაში, ამ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25 წელია, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რა თქმა უნდა, აღნიშნულ რეგიონში ყველას ინტერესებია - რუსეთის, ირანის, მახლობლად არსებული სხვა ქვეყნების ინტერესებიცაა, ჩუმად რომ არიან. ვფიქრობ, რაც მოხდა „ჰამასის“ ხელით, ეს რუსეთის გაკეთებულია, რათა უკრაინიდან ყურადღება გადატანილიყო ისრაელ-პალესტინაზე. რაც ღაზაში ხდება, ეს მსოფლიო ომია, ეს რუსულ-ამერიკული ომია, იარაღიც მაგათია“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება გუტერეშის განცხადებას, რომ პალესტინელ ხალხს ოკუპაცია ახრჩობს, იგორ კვესელავა ამბობს, რომ გულახდილად თუ ვიტყვით, ევროპაშიც და სხვაგანაც ხალხის სიმპათია არაბების მხარესაა, ისრაელს მხარს უჭერს ამერიკა და ბრიტანეთი. ებრაელებს არავინ მისცემს უფლებას, გაჟლიტონ პალესტინელები. შედეგი ძალიან ცუდი იქნება, მოხდება ის, რომ მთელი მსოფლიოს ძალიან დიდი არაბული სამყარო, რომელსაც ფულიც აქვს და ეკონომიკური შეძლებაც, ტერორისტებიც ჰყავს და დივერსანტებიც, მსოფლიოში გაბნეული ებრაული დასახლებების მთლიან განადგურებას დაიწყებენ, ებრაელები აღიგვებიან მიწისაგან პირისა. ეს კი არ აწყობს არც ამერიკას, არც ბრიტანეთს.