ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ, ლუკა მარკეჯანიმ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი (2:2) შეაფასა. როგორც მან თქვა, მაიკ მენიო ჯაკომო რასპადორის გოლზე შეცდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ რაფაელ ლეაუს აჯობა.
„მენიომ რასპადორის ჯარიმის დროს პოზიციური შეცდომა დაუშვა. „მილანის“ მეკარემ ცოცხალ კედელში ორი ფეხბურთელი სწორად არ დააყენა, რომლებსაც მისი ძელი კარგად უნდა დაეფარათ. საერთო ჯამში, „ნაპოლიმ“ მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და როცა ტემპს უმატებდა, მეტოქეს უჭირდა.
კვარა და ლეაუ? ამ მატჩში კვარაცხელია უკეთესი იყო. მშვენიერი და ინტენსიური თამაში გამოვიდა, პირველიდან ბოლო წუთამდე“, - თქვა მარკეჯანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება.